ფოტო: Reuters
ირლანდიური ტანსაცმლის საცალო ქსელის Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა, Starbucks-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
ხიდურელის ინფორმაციით, საქართველოში Starbucks-ის შემოსვლასთან ერთად, მოლაპარაკებები Alshaya Group-ში შემავალ სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს.
„კომპანიას Starbucks-თან ერთად 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი აქვს, როგორებიცაა H&M, Victoria’s Secret-ი, Shake Shack-ი და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ Starbucks-ით არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან ვსაუბრობთ სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც, მაგალითად, Primark-ია. ეს დაახლოებით $30 მილიარდის ღირებულების კომპანიაა და ასეთი დიდი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ხიდურელმა.
ცნობისთვის, Primark-ი ირლანდიაში დაფუძნებული საერთაშორისო საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელიც 19 ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში ოპერირებს, 480-ზე მეტ მაღაზიას მართავს და 800,000-ზე მეტ პირს ასაქმებს.
გასულ ფისკალურ წელს, რომელიც 2025 წლის 13 სექტემბერს დასრულდა, Primark-ის გლობალურმა შემოსავლებმა £9.489 მილიარდი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 1%-იანი ზრდაა, ხოლო კომპანიის კორექტირებული საოპერაციო მოგება £1.126 მილიარდს გაუტოლდა.
როგორც Associated British Foods plc-ის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Primark-ი 2026 წლისთვის ევროპაში, აშშ-სა და ფრენჩაიზინგის მოდელის ფარგლებში მაღაზიების გაფართოების პროგრამის გაგრძელებას განიხილავს. კომპანიის პროგნოზით, გაფართოების შედეგად 2026 წელს გაყიდვების 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. დამატებით კი, მისივე ვარაუდით, ახალი ბაზრების ათვისება მომავალში ყოველწლიურად მთლიანი გაყიდვების 4%-დან 5%-მდე ზრდაში აისახება.














