ფოტო: time.com
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენდი ბერნემი დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე ბერნემი კირ სტარმერს ჩაანაცვლებს. ცნობისთვის, ლეიბორისტების მოქმედი ლიდერი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს რიგით მეშვიდე პრემიერია.
როგორც გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერი აცხადებს, მისი მთავრობის მიზანი ქვეყნის „გადატვირთვა“ იქნება, შედეგად კი აქცენტი მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, საცხოვრებელი ხარჯების ზრდის შეჩერებასა და საჯარო სერვისების მუშაობის გაუმჯობესებაზე გაკეთდება.
პროცედურების შესაბამისად, მოქმედი პრემიერი კირ სტარმერი დაუნინგ-სტრიტზე გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს და მეფე ჩარლზ III-ს პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობებს. შემდგომ მონარქი უკვე ახალ პრემიერს, ენდი ბერნემს, პოსტის დაკავებისა და მთავრობის ფორმირების თხოვნით მიმართავს.
56 წლის ბერნემი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერობამდე, მანჩესტერის ადმინისტრაციული რეგიონის (დიდი მანჩესტერის) მერის პოსტს იკავებდა. ახალი კაბინეტის დაკომპლექტების შემდეგ კი პრემიერს არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის გადაჭრა მოუწევს, ეკონომიკური ზრდის შენელებიდან დაწყებული, კომუნალური კომპანიების მუშაობის გაუმჯობესებით დასრულებული.
ბერნემის ოფისის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერის რანგში პირველად სიტყვით გამოსვლისას, ის ქვეყნისთვის „უფრო სტაბილური და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის“ ახალ კურსს წარადგენს. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ ბერნემი არსებულ გამოწვევებს რეალისტურად უყურებს და პროგრესის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი.
ჯერ კიდევ პარასკევს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერად არჩევისას, ბერნემმა ეს ბრიტანეთის პოლიტიკისთვის ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილების მომენტად შეაფასა. ბერნემმა პოლიტიკური სისტემის რადიკალურად შეცვლის პირობაც დადო, რაც ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და თანასწორობისკენ იქნება მიმართული.














