ფოტო: blog.dviation.com
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აცხადებს, რომ რეგულაციების გამარტივებასა და სერტიფიცირების პროცესის დაჩქარებაზე მუშაობს, რათა ბაზარზე ახალი თაობის ავიატექნოლოგიები, მათ შორის საჰაერო ტაქსები და ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავები, უფრო სწრაფად გამოჩნდეს.
FAA-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, კრის როშელომ, ფარნბოროს ავიაშოუზე Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ სააგენტოს მიზანია, რეგულაციები ზედმეტად შემზღუდველი არ იყოს და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობა თავად ინდუსტრიას დაუტოვოს.
„გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ სტანდარტები ზედმეტად დეტალური და შემზღუდველი არ არის და ინოვაციას თავად ინდუსტრია განსაზღვრავს“, – აღნიშნა როშელომ.
FAA-მ გასულ წელს საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელიც ელექტრულ ვერტიკალური აფრენა-დაფრენის საჰაერო ხომალდების (eVTOL) კომერციული ექსპლუატაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამაში რვა პარტნიორი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც აშშ-ის 26 შტატში ოპერირებენ.
სააგენტოს განმარტებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიღებული მონაცემები eVTOL-ების სერტიფიცირების პროცესს დააჩქარებს და ახალი ტექნოლოგიის ეროვნულ საჰაერო სივრცეში უსაფრთხოდ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.
საჰაერო ტაქსების მწარმოებელი კომპანიები მარეგულირებელი ორგანოების ნებართვების მიღებას აქტიურად ცდილობენ, რათა მზარდი მოთხოვნის ფონზე კომერციული ოპერაციები დაიწყონ. მათი ხედვით, eVTOL-ები, რომლებსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა შეუძლიათ, მგზავრებს აეროპორტებსა და ქალაქის სხვადასხვა წერტილს შორის სწრაფად გადაიყვანენ და ავტომობილების საცობების თავიდან აცილების შესაძლებლობას შექმნიან.
Archer Aviation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ გოლდსტეინმა, eVTOL-ების დანერგვის პროცესი Waymo-ს ავტონომიური ავტომობილების ეტაპობრივ გაფართოებას შეადარა. მისი თქმით, თავდაპირველად ტექნოლოგია რამდენიმე ქალაქში, შეზღუდულ არეალში დაინერგება, რაც სისტემის სრულყოფას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ივნისში FAA-მ ორი აუცილებელი რეგულაციიდან პირველი წარადგინა, რომელიც 1973 წლიდან მოქმედი შეზღუდვის გაუქმებას ისახავს მიზნად. აღნიშნული შეზღუდვა ხმელეთზე ზებგერითი სამგზავრო ფრენების განხორციელებას კრძალავს.
სააგენტო მეორე რეგულაციის პროექტსაც ამზადებს, რომელიც აფრენის, დაფრენისა და ზებგერითი ფრენისას დასაშვები ხმაურის სტანდარტებს განსაზღვრავს. FAA ორივე რეგულაციის საბოლოოდ დამტკიცებას 2027 წლის შუა პერიოდამდე გეგმავს.
„მიგვაჩნია, რომ მოქმედი წესები მოძველებულია და თანამედროვე ტექნოლოგიებს აღარ შეესაბამება“, – განაცხადა როშელომ.
რეგულაციების მიღების შემდეგ FAA-სა და სხვა მარეგულირებელ ორგანოებს ზებგერითი თვითმფრინავების სერტიფიცირების პროცესის დაწყება მოუწევთ.
რეგულარული კომერციული ზებგერითი ავიაციის ეპოქა 2003 წელს დასრულდა, როდესაც Concorde-მა, რომელსაც Air France-ი და British Airways-ი ოპერირებდნენ, 27-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ბოლო რეისი შეასრულა.















