Alphabet-ის აქციების ფასის ზრდის ფონზე, Google-ის თანადამფუძნებლები $15 მილიარდით გამდიდრდნენ

Alphabet-ის აქციების ფასის ზრდის ფონზე, Google-ის თანადამფუძნებლები $15 მილიარდით გამდიდრდნენ

ფოტო: James Leynse/Getty Images

 

Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის, აქციების ფასის მკვეთრმა ზრდამ მისი თანადამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის, ქონება ერთ დღეში ჯამურად $15 მილიარდით გაზარდა. აქციების ფასის ზრდა გამოცემა The Information-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, კომპანია AI-ჩიპების შემუშავებას გეგმავს.

შედეგად, ორშაბათ დილით Alphabet-ის აქციების ფასი დაახლოებით 2.8%-ით გაიზარდა და $356-ს გადააჭარბა. აღნიშნული მატება ბოლო ორი სავაჭრო დღის განმავლობაში დაფიქსირებულ 6.5%-იან ვარდნას მოჰყვა. კომპანიის აქციების ღირებულების მატების შემდეგ, პეიჯისა და ბრინის ქონება, რომლებიც ერთობლივად Alphabet-ის B-კლასის აქციების 87.9%-ს ფლობენ, შესაბამისად, $8 მილიარდითა და $7.4 მილიარდით გაიზარდა.

ამერიკული Forbes-ის განახლებული შეფასებით, პეიჯი ამჟამად $288.4 მილიარდით მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია, ხოლო სერგეი ბრინი — $266 მილიარდით — რეიტინგის მესამე პოზიციაზეა.

Alphabet-ის აქციების ფასის ზრდა კომპანიის მიერ ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩიპის განვითარებას უკავშირდება, რომელსაც შიდა სახელწოდებით, „Frozen v2“-ით, მოიხსენიებენ. გამოცემა The Information-ის ინფორმაციით, Google-ის ინჟინრების მოლოდინით, ახალი ჩიპი წინამორბედზე 10-ჯერ უფრო ენერგოეფექტიანი იქნება. ახალი ჩიპის გამოყენებას კომპანია, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის დაიწყებს. მისი მიზანი AI-გამოთვლითი სიმძლავრის დეფიციტის შემცირებაა.

მეორე კვარტალის ფინანსურ შედეგებს Alphabet-ი ოთხშაბათს, სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს. FactSet-ის წინასწარი პროგნოზით, კომპანიის შემოსავალი გასულ კვარტალში $117.1 მილიარდს შეადგენს, ხოლო აქციაზე მოგება — $2.90-ს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 21%-იანი მატებაა.