ირანთან მოლაპარაკებებში შუამავლობის შემდეგ, პაკისტანი აშშ-ისგან $10 მილიარდის დახმარებას ითხოვს – Reuters

ირანთან მოლაპარაკებებში შუამავლობის შემდეგ, პაკისტანი აშშ-ისგან $10 მილიარდის დახმარებას ითხოვს – Reuters

ფოტო: REUTERS/Evelyn Hockstein

 

მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პაკისტანმა აშშ-ს 10 მილიარდი დოლარის მოცულობის სავალუტო სტაბილიზაციის ფონდის შექმნის თხოვნით მიმართა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერა ლიკვიდობის პრობლემების წინაშე მდგარ სამხრეთაზიურ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, მოთხოვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც პაკისტანმა ირანთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ხელშეწყობაში მიიღო მონაწილეობა, რამაც ქვეყნის დიპლომატიური გავლენა გაზარდა და გააჩინა მოლოდინი, რომ ის ვაშინგტონისგან ეკონომიკური მხარდაჭერის მოპოვებასაც შეძლებდა.

Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანმა აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს ორ ქვეყანას შორის 10 მილიარდი დოლარის მოცულობის, ხუთწლიანი ორმხრივი სავალუტო სტაბილიზაციის მექანიზმის შექმნა შესთავაზა.

როგორც მედიასააგენტო წერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Reuters-ის კითხვაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო პაკისტანის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

სამშაბათს პაკისტანის ფინანსთა მინისტრი მუჰამად აურანგზები ვაშინგტონში სკოტ ბესენტს შეხვდა. სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული გეოპოლიტიკური პროცესების გავლენას პაკისტანის ეკონომიკაზე, თუმცა 10 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის მოთხოვნა განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა.

მინისტრის განცხადებით, პაკისტანი, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე უკეთესი წვდომის, სავალუტო რეზერვების ზრდისა და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით, აშშ-ისგან უფრო ფართო მხარდაჭერას ელოდება. მხარეებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ ეკონომიკური თანამშრომლობა, გაზარდონ ამერიკული ინვესტიციები და ერთობლივი სტრატეგიული პროექტები განავითარონ.

ამჟამად პაკისტანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის $7-მილიარდიან პროგრამას ახორციელებს, რომელიც გადასახადების ზრდას, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკურ რეფორმებს ითვალისწინებს.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ მსგავსი სავალუტო სტაბილიზაციის მექანიზმები იშვიათად გამოიყენება. ბოლო მსგავსი შეთანხმება 2025 წელს არგენტინასთან გაფორმდა, მანამდე კი, 2002 წელს, მსგავსი მხარდაჭერა ურუგვაიმ მიიღო.

პაკისტანმა 2023 წელს დეფოლტი IMF-ის 3 მილიარდი დოლარის საგანგებო პროგრამის დახმარებით აიცილა, მოგვიანებით კი 7 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა და დამატებით კლიმატური მდგრადობის კუთხით 1.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებაც მიიღო. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სავალუტო რეზერვები კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე, ასევე ჩინეთისა და საუდის არაბეთის მხარდაჭერაზე.

პაკისტანის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის ბოლოსთვის 20 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება, რაც თითქმის 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს უტოლდება.