ფოტო: ouzs.ru
უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერის, Wildberries-ის, კიდევ ორ საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა. კომპანიის ხელმძღვანელის, ტატიანა კიმის განცხადებით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, სამიზნე კრასნოდარსა და ნევინომისკში მდებარე საწყობები გახდა.
Wildberries-ი, რომელსაც ხშირად „რუსეთის Amazon-ს“ უწოდებენ, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და რუსეთის სამომხმარებლო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თავდასხმების ფონზე, კომპანიის მთავარი კონკურენტის, Ozon-ის, აქციების ფასი მოსკოვის ბირჟაზე დაახლოებით 4%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შეტევების სამიზნე შესაძლოა სხვა მსხვილი ონლაინ-რიტეილერებიც გახდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლესი ოპერაციების სამიზნე ლოგისტიკური ჰაბები იყო, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს დრონების კომპონენტებითა და სხვა აღჭურვილობით ამარაგებს.
კრემლი უარყოფს, რომ Wildberries-ი სამხედრო მომარაგებაში მონაწილეობს. ამასთან, რუსეთი თავადაც რეგულარულად უტევს უკრაინის ლოგისტიკურ ცენტრებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროგადამცემ ქსელს.
შეგახსენებთ, გასულ შაბათს Wildberries-ის ერთ-ერთ საწყობზე განხორციელებულმა თავდასხმამ რვა თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხანძარი გამოიწვია და კომპანიის ოპერაციები მნიშვნელოვნად შეაფერხა.
რუსეთის ინტერნეტვაჭრობის კომპანიების ასოციაციის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში ონლაინ-გაყიდვები 28%-ით გაიზარდა და 11.5 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 147 მილიარდ დოლარს) მიაღწია. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ციფრულ პლატფორმებზე საქონლისა და მომსახურების გაყიდვები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.5%-ს შეადგენს.














