ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელმა Humanoid-მა $1.35-მილიარდიანი კაპიტალიზაციით $152 მილიონი მოიზიდა

ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელმა Humanoid-მა $1.35-მილიარდიანი კაპიტალიზაციით $152 მილიონი მოიზიდა

ფოტო: Humanoid

 

ლონდონში დაფუძნებულმა ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელმა სტარტაპმა, Humanoid-მა, რომელმაც დაარსებიდან მხოლოდ ორ წელიწადში ბაზარს HMND 01 წარუდგინა, Series A-ის საინვესტიციო რაუნდში $152 მილიონი მოიზიდა. შედეგად, ბრიტანული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.35 მილიარდამდე გაიზარდა.

დაფინანსების რაუნდამდე Humanoid-მა საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის კომპონენტების გერმანულ მწარმოებელ Schaeffler-თან 1 000 ერთეული ჰუმანოიდი რობოტის მიწოდებაზე გააფორმა შეთანხმება. დამატებით კი, Bosch-ის მხარდაჭერით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 100 000 ერთეული რობოტის განთავსებისთვის საჭირო საწარმოო ინფრასტრუქტურა უზრუნველყო.

კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, არტემ სოკოლოვის თქმით, Humanoid-მა ორ წელიწადში იმ შედეგს მიაღწია, რომლისთვისაც ამ  ინდუსტრიის კომპანიებს, როგორც წესი, დაახლოებით ათი წელი სჭირდებათ და ევროპაში პირველ, წმინდად ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელ უნიქორნად ჩამოყალიბდა.

დაფინანსების უახლესი რაუნდის შემდეგ, საერთო ჯამში Humanoid-ის მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობამ $270 მილიონს მიაღწია. $152-მილიონიან დაფინანსების რაუნდს Prime Movers Lab-ი ხელმძღვანელობდა, ხოლო ინვესტორებს შორის Schaeffler-ი, Bosch-ი, ტაივანური Fubon Financial Holding Venture Capital-ი და Aglaé Ventures-ი არიან. ეს უკანასკნელი ფრანგი მილიარდერის, ბერნარ არნოს ოჯახის საკუთრებაში არსებული საინვესტიციო კომპანიაა.

ცნობისთვის, 2026 წელს რობოტიკის სექტორში დაახლოებით 56 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. დაფინანსების უდიდესი ნაწილი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე მოდის, თუმცა პოზიციების გაძლიერებას ევროპის რეგიონიც განაგრძობს.