ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით 21-ე პაკეტი აამოქმედა, რომელიც უმეტესად ქვეყნის ენერგოსექტორისა და ფინანსური სერვისებისკენაა მიმართული. EU-ს მიერ შემუშავებულ ახალ პაკეტში მოხვდა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც. თუმცა ობიექტზე სანქციები მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
„სანქცირებულთა სიას დაემატა ნავთობის ინდუსტრიაში მოქმედი 18 იურიდიული და ერთი ფიზიკური პირი. მათ შორისაა რუსეთში მდებარე სამი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი საწარმო და კომპანია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ბელარუსული ნავთობპროდუქტების რეალიზაციის მიზნით შეიქმნა.
ამავდროულად, სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირს აძლევს შესაძლებლობას, აკრძალოს ტრანზაქციები იმ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსეთსა და მესამე ქვეყნებში რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ ან გადამუშავებენ.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას, რომელიც ძალაში ექვს თვეში შევა, საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც რუსული ნავთობის ვაჭრობასა და გადამუშავებას ახორციელებს“, — ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკავშირი მიმდინარე წლის თებერვალში ასევე განიხილავდა ყულევის პორტის დასანქცირებასაც, თუმცა მაშინ ასე არ მოხდა. 21-ე პაკეტში კი საუბარია არა პორტზე, არამედ უშუალოდ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა SOCAR-ის მიერ მართულ ყულევის პორტთან მდებარეობს.
ყულევის ნავთობგადამმუშავებელი შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაშია. BSP სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 70.66%-იანი წილის მფლობელი შპს „მკ კაპიტალია“, 29.34%-ს კი შპს „დუნამი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილი დავით ფოცხვერიას საკუთრებაშია. დავით ფოცხვერია ასევე BSP-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს.
თავის მხრივ, „ბლექ სი პეტროლიუმმა“ 2026 წლის 2 ივლისს სტრატეგიული გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმოში სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს.
„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს“, — ვკითხულობთ BSP-ის განცხადებაში. თუმცა კომპანიას არ დაუზუსტებია, თუ რომელი ქვეყნის ნედლეულით იგეგმება რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება.













