ფოტო: Alexey Nikolsky/Sputnik/AFP via Getty Images
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლიბერალურ პარტია „იაბლოკოს“ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ „იაბლოკო“ ოფიციალურად რეგისტრირებული ერთადერთი პარტიაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომს ეწინააღმდეგება.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ხელისუფლების მიერ ომის საწინააღმდეგო შეხედულებების მიმართ შეუწყნარებლობას და კიდევ უფრო ავიწროებს რუსეთის პოლიტიკაში განსხვავებული აზრის გამოხატვის ისედაც შეზღუდულ სივრცეს.
„იაბლოკოს“ არჩევნებიდან გამოთიშვა ნიშნავს იმ ადამიანებთან დიალოგზე უარის თქმას, რომლებიც ხელისუფლებისთვის არაკომფორტულ კითხვებს სვამენ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკოლაი რიბაკოვმა და პირობა დადო, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო კრემლის პოლიტიკის მომხრე მცირე ზომის ნაციონალისტური პარტია „როდინას“ მიერ და რომელიც „იაბლოკოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას ითხოვდა. „როდინამ“, სხვა ბრალდებებთან ერთად, განაცხადა, რომ „იაბლოკომ“,გამოუცხადებელი საარჩევნო მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის – დასავლური წყაროებიდან.
ერთდღიანი მოსმენის დროს რიბაკოვმა განაცხადა, რომ ბრალდებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და საქმეს პოლიტიკური ოპონენტების მიერ, რომლებიც მეტოქეებისგან გათავისუფლებას ცდილობენ, აზრის თავისუფლების წინააღმდეგ არაკონსტიტუციური თავდასხმა უწოდა.
დაუმორჩილებლობის იშვიათი დემონსტრირებისას, სასამართლოს წინ რამდენიმე ასეული ახალგაზრდა მხარდამჭერი შეიკრიბა. ზოგიერთს ვაშლები ეჭირა, რათა წარმოეჩინათ თავიანთი მხარდაჭერა „იაბლოკოსთვის“, რაც რუსულად ვაშლს ნიშნავს.
პოსტსაბჭოთა რუსეთში ოდესღაც წამყვან ლიბერალურ ძალას, „იაბლოკოს“, ახლა მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური ადგილი აქვს და არც ერთი – ეროვნულ პარლამენტში, სადაც პუტინის მიერ მხარდაჭერილი „ერთიანი რუსეთი“ და სხვა ფართოდ პროკრემლისტური პარტიები საქმიანობენ.
„იაბლოკოს“ აკრძალვის ნაბიჯი კრემლისთვის პოლიტიკურად მგრძნობიარე მომენტში გადაიდგა, რადგან არჩევნები ახლოვდება და ომი სულ უფრო ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა არაერთხელ დაარტყა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ლოჯისტიკის ცენტრებს, რამაც საწვავის მიწოდება და მრავალი ბიზნესი შეაფერხა.
ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ კონფლიქტის კრიტიკოსების წინააღმდეგ სულ უფრო მკაცრი ცენზურის კანონები გამოიყენა, რამაც მრავალ აქტივისტსა და დამოუკიდებელ მედიასააგენტოს აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა.













