1989 წლიდან “ანაგმა” საქართველოს მშენებლობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გამოიარა. 400+ პროექტისა და ₾1-მილიარდიანი ბრუნვის მიღწევის შემდეგ, ირაკლი გოგოლიშვილი გეგმავს, კომპანია რეგიონულ მოთამაშედ იმავე პრინციპების დახმარებით გარდაქმნას, რომელმაც “ანაგი” საქართველოში ბაზრის ლიდერად აქცია.
„ანაგის“ სათავო ოფისში წამყვანი სპეციალისტები რეგულარულად იკრიბებიან პერსპექტიული პროექტების განსახილველად.
ამ პროექტების შესახებ ინფორმაცია ჯერ მხოლოდ პირველად საჯარო წყაროებში იძებნება: ეს შეიძლება იყოს დაანონსებული საინვესტიციო პროექტი, ჩანაწერი ბიუჯეტში, მშენებლობის ნებართვა ან გამოქვეყნებული არქიტექტურული კონცეფცია. როგორც კი პროექტის შესახებ ინფორმაცია ჩნდება, „ანაგის” მენეჯმენტისთვის ეს სიგნალია, რომ მზადება უნდა დაიწყოს. ანალიზი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას ეყრდნობა: ვინ არის ინვესტორი? როგორია არქიტექტურული კონცეფცია? რა გუნდი, ტექნიკა და დაფინანსება დასჭირდება პროექტის განხორციელებას? ასეთი პროექტების განხილვას “ანაგი” ისეთივე სერიოზულობით ეკიდება, როგორითაც სხვა კომპანიები — უკვე ხელმოწერილ კონტრაქტებს.
“გამიკვირდება, ვინმემ უბრალოდ რომ დაგვირეკოს და 60,000 კვადრატული მეტრის შენობის აშენება გვთხოვოს”, — ამბობს “ანაგის” გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი. როდესაც “ანაგის” წარმომადგენლები კლიენტთან მიდიან და პროექტში ჩართვის სურვილს გამოხატავენ, პასუხი, როგორც წესი, ლაკონიურია: “დაგირეკავთ”. პირველი შეხვედრიდან ზარამდე ხშირად ერთი წელი მაინც გადის, ამ დროისთვის კი “ანაგს” პროექტი ფურცელზე უკვე რამდენჯერმე აქვს “აშენებული”.
კომპანიის შიგნით ამ სიის არსებობა სტრატეგიული ხედვის ანარეკლია. ამჟამად “ანაგი” პარალელურად 40-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მართავს. მომავალზე უწყვეტი ფიქრი მიმდინარე ამოცანებისთვის ყურადღების მოკლებას არ გულისხმობს; პირიქით, სწორედ წინასწარი მზადების გამო შეუძლია “ანაგს”, სრულიად განსხვავებული სირთულის პროექტები პარალელურად მართოს და რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
კომპანიის ანგარიშზე 7,000,000 მ²-ზე მეტი აშენებული ფართი და 400-ზე მეტი დასრულებული პროექტია. “ანაგი ჯგუფი” ჯამში 200-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტს ემსახურება. მათ შორისაა: უმსხვილესი საერთაშორისო სამშენებლო ორგანიზაცია MACE International, საერთაშორისო ქსელის სასტუმროები, როგორებიცაა Hilton, Marriott და IBIS, საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები და სახელმწიფო სტრუქტურები.
2026 წელი კომპანიისთვის სამი დიდი ხნის წინ დაწყებული სტრატეგიული პროცესის შეჯერების წელია.
პირველი ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა. “ანაგი” უკვე 37 წელია, ძირითადად, სამოქალაქო მშენებლობის კომპანიაა, სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი საგზაო მშენებლობა, სექტორში ორ განსხვავებულ კომპეტენციად მიიჩნევა. ბოლო რამდენიმე წელია, “ანაგი” სწორედ ამ მეორე მიმართულებას აძლიერებს. თავად ბაზარიც სწრაფად იზრდება: მთავრობის ინფრასტრუქტურული დანახარჯი 2018-2025 წლებში 3 მილიარდი ლარიდან 5.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
“ბოლო ოთხი-ხუთი წელია ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. პირველი შედეგები ბოლო ორ წელიწადში ვიხილეთ”, — განმარტავს გენერალური დირექტორი.
პარალელურად, კომპანია შიდა მართვის სრულ გარდაქმნაზე მუშაობს, რომლის მიზანიც მართვის პროცესებში ხელოვნური ინტელექტის მოდულების სრულფასოვანი ინტეგრირებაა.
სტრატეგიის მესამე საყრდენი კი საქართველოს ფარგლებს სცდება. ჯგუფს მეზობელ ქვეყნებში სტრატეგიული პარტნიორები უკვე შერჩეული ჰყავს. “ვიმედოვნებთ, რომ საზღვარგარეთ მშენებლობის იმავე სტანდარტებს დავნერგავთ, რომლებმაც საქართველოში ჩვენი წარმატება განაპირობა”, — ამბობს ირაკლი.
ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში წლების განმავლობაში იმ უცხოური კონტრაქტორების კომპეტენციის სფერო იყო, რომელთაც საერთაშორისო ტენდერებისთვის საჭირო გამოცდილება და კაპიტალი ჰქონდათ. კომპანია გათვლას ამ სეგმენტზე აკეთებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლია. ამ პროექტს “ანაგის” დირექტორი სირთულითა და მასშტაბით 15-16-კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას ადარებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება: “ეს ჩვენთვის ერთგვარი პირველი მერცხალი იყო; გამოცდილების დაგროვების, ტექნიკური ბაზის განვითარებისა და ამ ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისით”.
“ანაგი” 1989 წელს ბათუმში, საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში დაარსდა. მაშინ კერძო კომპანიის სამართლებრივი ფორმა ჯერ არც არსებობდა, ამიტომაც, კომპანია კოოპერატივად დარეგისტრირდა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებმა, 24 წლის ზაზა გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით, სწორად გათვალეს, რომ სახელმწიფო სამშენებლო ტრესტების დაშლის შედეგად გაჩენილი ვაკუუმი ვინმეს უნდა შეევსო.
90-იან წლებში, სამოქალაქო ომის, ბლოკადებისა და ჰიპერინფლაციის მიუხედავად, “ანაგმა” 25-მდე პროექტი დაასრულა. 2000 წლისთვის კომპანიას უკვე ათასამდე თანამშრომელი ჰყავდა. 2008 წელს ქართულმა კომპანიამ პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჩააბარა, თბილისში განხორციელებული პირველი პროექტი კი “მაკდონალდსი” აღმოჩნდა.
ირაკლი გოგოლიშვილი კომპანიას 2006 წელს შეუერთდა. მაშინ ახალგაზრდა ფინანსისტი იყო ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტიდან. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგა, ნაღდი ანგარიშსწორების სრულად გაუქმება იყო. “იმ დროისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო სამშენებლო ობიექტებზე ფულით სავსე ტომრებით სიარული. ამ გადაწყვეტილებით კი ტრანზაქციები გამჭვირვალე და აღრიცხვადი გახდა”, — იხსენებს ის.
ორი წლის შემდეგ ირაკლი გოგოლიშვილი გენერალური დირექტორი გახდა და მას შემდეგ ამ პოზიციაზე მუშაობს. ამ დროის განმავლობაში კომპანიას არაერთი მძიმე კრიზისის გადალახვა მოუხდა.

2008 წელს, სანამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, ქართულმა ბანკებმა სამშენებლო კომპანიებს მიანიშნეს, რომ რთული პერიოდი ახლოვდებოდა. “ანაგმა” ეს გაფრთხილება გაითვალისწინა და ზრდის ტემპი შეანელა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამშენებლო ბუმი იყო. რამდენიმე თვეში აგვისტოს ომი დაიწყო და ყველა პროექტი ერთ დღეში გაჩერდა. წინასწარ მიღებული ზომების გარდა, იმ პერიოდში კომპანია სახელმწიფო პროექტებმაც გადაარჩინა: “ანაგმა” ბათუმის პიაცას კომპლექსის ყველაზე მაღალი, საათიანი კოშკი ააშენა, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.
პანდემიამ სამშენებლო სექტორს კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა. კომპანიებს, რომლებმაც ხელშეკრულებები პანდემიამდელ ეკონომიკურ პირობებში გააფორმეს, პროექტების დასრულება სრულიად შეცვლილ რეალობაში მოუწიათ: გაძვირდა სამშენებლო მასალები, სამუშაო ძალა და ტრანსპორტირება. არაერთმა ქართულმა სამშენებლო კომპანიამ ამ ცვლილებებს ვერ გაუძლო. “ანაგი” კრიზისს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ინსტიტუციური საფუძვლით შეხვდა: აქტივებით, კაპიტალითა და იმ ფინანსური დისციპლინით, რომელიც მშვიდ პერიოდებში ყალიბდება და კრიზისის დროს გამოიცდება.
“ანაგის” დირექტორის თქმით, რთულ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელსაც კომპანია მათ დადგომამდე აკეთებს. მდგრადობისთვის საფუძველი იმ ეტაპზე იქმნება, როცა კომპანია წყვეტს, რომელ პროექტს მოჰკიდოს ხელი და რომელს — არა.
“ერთი სარისკო პროექტის მართვა, როგორც წესი, შესაძლებელია. ერთდროულად ორი ან სამი სარისკო პროექტი კი შეიძლება კომპანიისათვის დამღუპველი იყოს”, — განმარტავს იგი. ამიტომ “ანაგი” უარს ამბობს პროექტებზე, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ შიდა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. “ანაგისთვის” ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი ესაა: ზრდა მხოლოდ მაშინ, როცა რისკი გააზრებული და მართვადია.
“ანაგის” განვითარება იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა მშენებლობა და უძრავი ქონება საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილ სექტორად ყალიბდება: 2025 წელს აქ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ, საქსტატის მონაცემებით, 15.9 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მშპ-ის 17.3%-ია. განვითარებას სირთულეებიც ახლავს: 2022 წლის დასაწყისთან შედარებით მშენებლობის ღირებულება 27%-ით გაიზარდა, საქართველოს ბიზნესის ასოციაციის 2026 წლის კვლევით კი სამშენებლო კომპანიების 100%-მა, ანუ ყველამ, სპეციალისტების ნაკლებობა მთავარ პრობლემად დაასახელა. “ანაგი” ამ დეფიციტს ყოველდღიურ რეჟიმში გრძნობს. “როცა დავეწევით ხოლმე საჭიროებებს და ვიტყვით, რომ ახლა უკვე კარგად ვართ, მოცულობა გვემატება და ისევ იგივე იწყება: უნდა დავიმატოთ პერსონალი, მოვძებნოთ ახალი სპეციალისტები”, — ამბობს გოგოლიშვილი. კომპანია ამას სფეროს სპეციფიკად აღიქვამს. “ანაგის” დირექტორმა ზუსტად იცის, რომ ამ საქმეში “წყნარი წელი” არ არსებობს: “მასშტაბი რომც არ გაიზარდოს, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ხარჯზე ბევრი რამ იცვლება”.
ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში პროექტის დროულად დასრულება ქართული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. იმ პირობებში, როცა პროექტები რამდენიმე წელზეა გათვლილი, გარემოებები კი გლობალური თუ ლოკალური ფაქტორების გამო გამუდმებით იცვლება, შეთანხმებული ვადის დაცვა არც ისე ბევრ კომპანიას გამოსდის.
წლების განმავლობაში “ანაგი” იმ პარტნიორად ჩამოყალიბდა, რომელიც პროექტებს დროულად და ხარისხიანად ასრულებს. კომპანიის ფილოსოფია ირაკლი გოგოლიშვილს სამ მარტივ პუნქტამდე დაჰყავს: პროექტი უნდა ჩაბარდეს შეთანხმებულ ვადებში, სათანადო ხარისხითა და წინასწარ განსაზღვრული ფასით. მისი თქმით, კარგი სამშენებლო კომპანიის რეპუტაცია სწორედ ამ სამი პირობის თანმიმდევრულ შესრულებაზე დგას.
ამ შეფასებას „ჰოუმერის“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე, სადაც პროექტების სირთულე და მოთხოვნები ყოველდღიურად იზრდება, „ანაგს” პირველ რიგში მისი ინსტიტუციური სიმყარე და მასშტაბი გამოარჩევს: „ “ანაგი” არა უბრალოდ კონტრაქტორი კომპანიაა, არამედ გამართული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სისტემა. ბაზარზე ბევრი მოთამაშეა, თუმცა უწყვეტი ფინანსური სტაბილურობა, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი მკაცრი შესაბამისობა არის ის ფაქტორები, რაც “ანაგს” ინდუსტრიის ლიდერად აქცევს“.
„ჰომერსა” და “ანაგს” შორის თანამშრომლობას, მეძმარიაშვილის განმარტებით, ღირებულებების ზუსტი თანხვედრა განსაზღვრავს: „როდესაც შენს გვერდითაა „ანაგი“, თავისი მასშტაბითა და გამოცდილებით, შენ, როგორც დამკვეთი, სრულად ხარ დაზღვეული. ეს სიმყარე გვაძლევს საშუალებას, ბევრად უფრო თამამი და თავდაჯერებული ვიყოთ საბოლოოდ მომხმარებლის წინაშე დაპირებების გაცემისას”.
“ანაგის” საინჟინრო ოსტატობა ყველაზე თვალსაჩინოდ კომპლექსურ ობიექტებზე იკვეთება. თაბორის მთაზე მდებარე Marriott-ის სტანდარტების სასტუმრო კომპანიისთვის „სრული ციკლის“ მართვის მაგალითი იყო. “ანაგმა” 176-ნომრიანი სასტუმრო მიწის სამუშაოებიდან სრულ მოპირკეთებამდე, ე.წ. გასაღებქვეშ ჩააბარა. თუ შენობის სპეციფიკას გავითვალისწინებთ (მრუდხაზოვანი ფორმა, 15-მეტრიანი სვეტები), ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო. პროექტის ყველა ეტაპი, ნულიდან ბოლო დეტალამდე, ერთი კონტრაქტორის პასუხისმგებლობით შესრულდა.
მრავალკომპონენტიანი პროექტების მართვის უნარი ცხადად ჩანს ასევე ბათუმის სტადიონის მაგალითზე. 2017 წელს დაწყებული ეს პროექტი საქართველოში პირველი შემთხვევა იყო, როცა ამ მასშტაბისა და ფუნქციის სპორტული ნაგებობა აიგო. პროექტი UEFA-ს მკაცრ სტანდარტებს უნდა მორგებოდა, ფედერაციის წარმომადგენლები კი მშენებლობის ყველა დეტალს აკონტროლებდნენ. ამას კიდევ ერთი სირთულე ემატებოდა: სტანდარტები, რომელთა დაცვაზე საგულდაგულოდ მუშაობდნენ, გამუდმებით იცვლებოდა. პროექტის სრული ციკლი, დაპროექტებიდან დასრულებამდე, დაახლოებით ხუთ წელს მოიცავდა, ამ პერიოდში კი UEFA-მ, მაგალითად, განათების მოთხოვნებიც განაახლა.

“ასეთი “სიურპრიზები” არავის ბრალი არ არის, უბრალოდ, თავად პროცესია ასეთი, — ამბობს ირაკლი, — “კარგი ისაა, რომ ჩვენ დროულად ვსვამდით კითხვებს და ახალ მოთხოვნებს მყისიერად ვერგებოდით”. შედეგად, ბათუმში პირველად აშენდა UEFA-ს IV, უმაღლესი კატეგორიის სტადიონი და ამ მნიშვნელობის პროექტის განხორციელება ქართულმა კომპანიამ შეძლო.
ბათუმის სტადიონმა კომპანიის საინჟინრო შესაძლებლობები გამოსცადა, ბაკურიანის პროექტში კი მთავარი გამოწვევა გარემო პირობები და ვადების დაცვა იყო. 2023 წლის ზამთრის მსოფლიო თასისთვის კურორტს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა სჭირდებოდა, სისტემას კი — წყლის რეზერვუარები: “ანაგმა” ზღვის დონიდან ორ ათას მეტრზე ორი რეზერვუარი ააშენა, 200,000- და 100,000-ტონიანი ტევადობით. მთელი პროექტი რამდენიმე თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო.
“მარტში ჯერ კიდევ თოვლს ვწმენდდით, რომ სამშენებლო გზა გაგვეყვანა და წლის ბოლოს უკვე ჩავაბარეთ”, — იხსენებს ირაკლი. მას შემდეგ იმ ტრასებზე, სადაც ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მუშაობს, წყლის პრობლემა აღარ შექმნილა.
„ანაგის“ პრინციპი, არჩევანი მხოლოდ გააზრებული რისკის მქონე პროექტებზე გააკეთოს, კომპანიას კონკურენტებისგან მკაფიოდ გამოარჩევს. მაშინ, როცა ბაზარზე მსხვილი კონტრაქტორები ერთმანეთის მიყოლებით გადაიქცნენ დეველოპერებად და საკუთარი საცხოვრებელი პროექტების განვითარება დაიწყეს, “ანაგმა” კონტრაქტორის პოზიციაში დარჩენა ამჯობინა.
“მიგვაჩნდა, რომ დეველოპერად ქცევა ჩვენი, როგორც სამშენებლო კომპანიის განვითარებას შეაფერხებდა”, — ასე ხსნის საკუთარ არჩევანს ირაკლი გოგოლიშვილი. მისი თქმით, კომპანია, რომელიც მთლიანად საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზე ფოკუსირდება, დროთა განმავლობაში კარგავს იმ უნარებს, რომლებიც სტადიონების, ქარხნებისა თუ აეროპორტების ასაშენებლად არის საჭირო.
დეველოპმენტში “ანაგი” მხოლოდ დაარსებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, 2019 წელს შევიდა და მაშინაც, საკუთარი წესებით. ეს მიმართულება ცალკე კომპანიად, “ანაგი დეველოპმენტად” ჩამოყალიბდა, რათა ძირითად სამშენებლო ბიზნესს პროფილი არ შეცვლოდა.
დღეს კომპანიის ბიზნესის დაახლოებით 80% კვლავ სამოქალაქო მშენებლობაზე მოდის, დანარჩენი 20% კი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ნაწილდება. მომდევნო წლების მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების წილის გაზრდაა, ოღონდ არა სამოქალაქო მშენებლობის შემცირების, არამედ ბიზნესის საერთო მასშტაბის ზრდის ხარჯზე.
ამ მოდელს “ანაგი ჯგუფში” შემავალი სხვა კომპანიებიც უმყარებს ზურგს. “ანაგი ბეტონი” ბათუმის რეგიონს ბეტონით ამარაგებს. “მეპსტერი”, რომელიც თავდაპირველად ჯგუფის საინჟინრო მიმართულება იყო, ახლა დამოუკიდებელი კომპანიაა და კლიენტებს გათბობა-გაგრილების, ავტომატიზაციისა და შენობის მართვის სისტემებს სთავაზობს. “ანაგი ინფრა” საგზაო მშენებლობაზე მუშაობს, ხოლო “ჯითისის” 50%-იანი წილის მეშვეობით ჯგუფი ავსტრიული Doka-ს წარმომადგენელია საქართველოში.
ჯგუფი ასევე ფლობს წილებს სასტუმროებში და ინვესტიციას ახორციელებს განათლებაში. ამავე ხედვის ნაწილია სამშენებლო სპეციალობებისთვის პროფესიული სასწავლებლის შექმნა. გოგოლიშვილის თქმით, ქვეყანაში, სადაც, ათწლიანი გამოცდილების მქონე შემდუღებელს საკუთარი კვალიფიკაციის დასადასტურებლად არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია, ამის საჭიროება მძაფრად იგრძნობა.
პროცესების პარალელურად კომპანიის შიგნით ამბიციური ციფრული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში “ანაგი” ერთიან ციფრულ პლატფორმას, ERP სისტემას ქმნიდა, რომელიც თითქმის ყველა ძირითად პროცესს აერთიანებს: ფინანსებს, შესყიდვებს, საწყობებს, მარაგების მართვას, პროექტების შემოსავლებსა და ხარჯებს, ადამიანური რესურსების მართვასა და ანაზღაურებას. შედეგად, გადაწყვეტილებების მიღება სწრაფდება და შეცდომების რისკიც მცირდება. სისტემა უკვე რამდენიმე მსხვილ სამშენებლო ობიექტზეა დანერგილი და მასში დაახლოებით 220 საველე თანამშრომელი მუშაობს.
AI მოდულების ამოქმედებამდე კომპანიამ საკუთარი მონაცემები სრულად გადააწყო. მომწოდებლების 92,000-ზე მეტი დასახელება დაახლოებით 29,000 სტანდარტიზებულ კოდამდე დაიყვანა და ყველა მასალა ერთიან კლასიფიკაციაში მოაქცია. შედეგად, AI-ასისტენტი საწყობის მენეჯერს რეალურ დროში ეხმარება ახალი პროდუქტის სწორად კლასიფიცირებაში, ხოლო მენეჯმენტს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნახოს, მაგალითად, ჯამში რამდენი ტონა არმატურა შევიდა კონკრეტულ დღეს კომპანიის ყველა მიმდინარე პროექტზე.
“ამ მოცულობის ინფორმაციის დამუშავება ხელოვნური ინტელექტის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა”, — ამბობს ფინანსური დირექტორი თამარ პეტრიაშვილი, რომელიც ამ მიმართულებით ციფრულ ტრანსფორმაციას ხელმძღვანელობს.
გოგოლიშვილის აზრით, ტექნოლოგიამ პირველ რიგში იმ ადამიანებს უნდა გაუადვილოს საქმე, რომლებიც პროექტის წარმატებით დასრულებაზე არიან პასუხისმგებელნი. თითოეულ პროექტს საკუთარი მენეჯერი, ინჟინრები და გუნდი ჰყავს. თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას მენეჯმენტისათვის კვალიფიკაცია და საქმისადმი ერთგულება თანაბრად მნიშვნელოვანი ღირებულებებია. “მარტო კვალიფიციური კადრი, რომელსაც პასუხისმგებლობის განცდა არ აქვს, საქმეს ვერ გააკეთებს. მინდა, თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს შეგრძნება, რომ ეს მისი კომპანიაა, მისი კარიერაა, მისი პასუხისმგებლობაა”.
საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციისთვის მხოლოდ საინჟინრო გამოცდილება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სტანდარტიზებულია პროცესები, როგორ მართავს კომპანია ხარისხს, შრომის უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედებას. “ანაგი” პირველი ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც Lloyd’s Register-ისგან შრომის უსაფრთხოების ISO 45001 სერტიფიკატი მიიღო. ხარისხის მართვის ISO 9001-ს კომპანია 2011 წლიდან ფლობს, ამჟამად კი გარემოსდაცვითი ISO 14001-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულმა დირექტორმა მარიამ დვალიშვილმა 2019 წელს, როცა საქართველოში შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტები პრაქტიკულად არ იყვნენ, თავად გაიარა შიდა აუდიტორის სერტიფიცირება და ჩამოაყალიბა შიდა აუდიტის სისტემა, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტები ერთმანეთს ამოწმებენ და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაზე მუშაობენ. საერთაშორისო დამკვეთებისთვის ასეთი სერტიფიკატები იმის დასტურია, რომ ქართველი კონტრაქტორი საერთაშორისო სტანდარტების ენაზე თავისუფლად ლაპარაკობს.
ირაკლი გოგოლიშვილის ათწლიანი ხედვა ორ მიმართულებას მოიცავს.
ერთი ვექტორი ჯგუფის შიდა განვითარებაა. შვილობილი კომპანიები, რომლებიც “ანაგი ჯგუფის” შიგნით იზრდება, დამოუკიდებელ, ძლიერი მართვის სისტემების მქონე კომპანიებად უნდა ჩამოყალიბდნენ. მომდევნო ეტაპი კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.
კომპანია ათწლეულების განმავლობაში საქართველოში დაგროვილი ცოდნის ექსპორტს აპირებს. სამიზნე ბაზრებიც შერჩეულია: სომხეთი, სადაც “მეპსტერი” საერთაშორისო გამოფენაზე უკვე წარდგა, ასევე ყაზახეთი და უზბეკეთი, რომელთა ბაზრებსაც “ანაგი” აქტიურად სწავლობს.
ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საზღვარგარეთ “ანაგი” თავად იქნება უცხოელი კონტრაქტორი, ადგილობრივი რეპუტაციისა და წლების განმავლობაში ნაშენები საქმიანი ურთიერთობების გარეშე. გოგოლიშვილი დარწმუნებულია, რომ იმ პრინციპების რეპლიკაცია, რომელმაც საქართველოში ანაგის წარმატება განსაზღვრა, სხვა ბაზრებზეც შესაძლებელია.
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა იმ შედეგებით, რომელსაც “ანაგმა” წლების განმავლობაში მიაღწია, გენერალური დირექტორი ღიმილით პასუხობს: “ადამიანი არასდროს უნდა იყო მიღწეულით ბოლომდე კმაყოფილი. თუ ოდესმე ისეთი დღე დადგება, რომ უკან გავიხედავ და ვიტყვი, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად გაგვიკეთებია, შეგატყობინებთ”.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















