ფოტო: Getty Images
Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Gemini-ს ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ამის შესახებ კომპანიის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ბლოგპოსტიდან ხდება ცნობილი. ივლისის ბოლოს გავრცელებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, Gemini-ს 950 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავდა.
Google-ის მონაცემებით, Gemini-ს მომხმარებლების 63% ჩატბოტთან ინტერაქციის დროს ტექსტუალურის ნაცვლად ხმოვან კომუნიკაციას იყენებს. ასევე, როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქმიანი მშობლები ყოველდღიური ინტერაქციისას ხმოვანი ფუნქციის გამოყენების 43%-ით უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევიან. ასევე, Gemini-სთან ყოველი ხუთი ინტერაქციიდან დაახლოებით ერთი ეკრანის გაზიარებასა და კამერის პირდაპირი ტრანსლაციის გამოყენებას მოიცავს.
ამავდროულად, Gemini ყოველთვიურად 150 მილიონამდე სურათს აგენერირებს. Google-ის განცხადებით, სურათების გენერირების ფუნქცია განსაკუთრებით პოპულარული მცირე ბიზნესებს შორის ხდება.
Gemini-ს ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელთა შორის 100 მილიონზე მეტი Apple-ის მოწყობილობების მფლობელია. Google-ის ინფორმაციით, macOS-ის მომხმარებლები Gemini-ს სხვა პლატფორმების მომხმარებლებზე დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირად მიმართავენ.
Gemini-ს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სამშაბათს Google-ის აქციების ფასმა 3.4%-იანი ვარდნა დააფიქსირა და $343.89-მდე შემცირდა. უკანასკნელ ხუთ სავაჭრო სესიაში კომპანიის აქციების ფასი ჯამში 8.4%-ითაა გაიაფებული, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, მაინც 9.6%-ით მაღალია.
შედარებისთვის, Gemini-ს მთავარმა კონკურენტმა, OpenAI-ს ChatGPT-მ, ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობის 1-მილიარდიანი ნიშნული მაისში გადალახა და პირველი AI-ჩატბოტიც გახდა, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა.
Anthropic-ის AI-ასისტენტ Claude-ს Gemini-სა და ChatGPT-ის მსგავსი მასშტაბისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა. Reuters-ის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში Claude-ს გლობალურად 56 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 640%-ით მეტია.













