ფოტო: Illustration by Algi Febri Sugita
Anthropic-ის ინვესტორების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი ოქტომბერში საფონდო ბირჟაზე, სულ მცირე, $2-ტრილიონიანი შეფასებით დაილისტება. შედეგად, Anthropic-ი შეძლებს გააუმჯობესოს მასკის SpaceX-ის შედეგი, რომელმაც IPO-ზე $85 მილიარდის მოზიდვით, რეკორდულ $1.75-ტრილიონიან შეფასებას მიაღწია.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ინვესტორების მოლოდინით, Anthropic-ს სწრაფად მზარდი შემოსავლები საშუალებას მისცემს, შემოდგომაზე დაგეგმილ IPO-ზე კომპანიის საბაზრო ღირებულება გააორმაგოს. მსგავსი მასშტაბით IPO ხუთი წლის წინ დაარსებული კომპანიის თავდაპირველ ინვესტორებს მილიარდობით აშშ დოლარის მოგებას მოუტანს.
ინვესტორების მოლოდინით, 2026 წლის ბოლოსთვის Claude-ის შემქმნელი კომპანიის წლიური შემოსავალი $100-$120 მილიარდის ფარგლებში იქნება. ამბიციური პროგნოზები 2026 წლის განმავლობაში შემოსავლების 10-ჯერ ზრდას ნიშნავს, თუმცა, FT-ის მიერ გამოკითხული ინვესტორების თქმით, ეს პროგნოზები კომპანიის მოწინავე AI-მოდელებსა და ინსტრუმენტებზე მაღალი მოთხოვნითაა გამყარებული.
„თუ Anthropic-ი წელიწადში 800%-იან ზრდას დააფიქსირებს, ყველაზე პესიმისტური სცენარითაც კი, კომპანიის საბაზრო ღირებულება შემოსავალზე 30-ჯერ მეტი იქნება. ეს მას $3-ტრილიონიან კომპანიად აქცევს“, — აღნიშნა Financial Times-თან საუბრისას ერთ-ერთმა ინვესტორმა.
შეგახსენებთ, რომ Anthropic-მა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსებისათვის განაცხადი ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში ივნისის თვის დასაწყისში, კონფიდენციალურად შეიტანა. თუმცა კონკრეტული სამიზნე ღირებულება, რომლის მიღწევასაც ოქტომბერში დანიშნულ IPO-ზე AI-კომპანია გეგმავს, ამ დრომდე არ დაუსახელებია.
Anthropic-მა $65 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია მაისის ბოლოს მოიზიდა, რის შემდეგაც მისმა ღირებულებამ კონკურენტ OpenAI-ის ღირებულებას ($852 მილიარდი) გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციის მიღების შემდეგ Anthropic-ის ფასი $965 მილიარდით განისაზღვრა.













