გამოცემა The Intercept Media და არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-ი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივიან. მედიაჯგუფების მტკიცებით, Trump Media & Technology Group-ის ინიციატივა, რომელიც სოციალურ ქსელში ტრამპის პოსტებზე დაჩქარებულ წვდომას ფასიან სერვისად აქცევს, „უპრეცედენტო, კორუფციული და არაკონსტიტუციურია“.
მედიაგამოცემებმა აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის სასამართლოში შეიტანეს. მომჩივანი მხარე სასამართლოსგან TMTG-ის ინიციატივის დაბლოკვას ითხოვს. სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ გეგმით, პრეზიდენტი „ფინანსურ სარგებელს იღებს იმით, რომ სახელმწიფოებრივად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციაზე პირველად წვდომას აძლევს პირებს, რომელთაც მის [ტრამპის] საკუთრებაში არსებული კომპანიისთვის თანხის გადახდის შესაძლებლობა აქვთ“.
ცნობისთვის, ტრამპის კომპანიამ, Trump Media & Technology Group-მა თავისი სოციალური პლატფორმა Truth Social-ისთვის Truth API-ის გაშვება ივლისში დააანონსა. ახალი პროგრამა გამომწერებს, რომლებიც ყოველთვიურად $100,000-ს გადაიხდიან, ტრამპის Truth Social-ის პოსტებზე დაუყოვნებელ წვდომას შესთავაზებდა. TMTG-ის შეფასებით, Truth API იმ ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც ინფორმაციის დაგვიანებით მიღება ფინანსურად ყველაზე მეტად აზარალებთ.
მოსარჩელე ორგანიზაციები პრეზიდენტს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალურ ინფორმაციაზე არათანაბარი წვდომის შექმნით ჟურნალისტებისა და საზოგადოების უფლებები იზღუდება. The Intercept-ის მთავარი რედაქტორის, ბენ მუესიგის განცხადებით, „ტრამპი სახელმწიფო ინფორმაციის პრივატიზებით ცდილობს გამდიდრებას, რისი უფლებაც მას არა აქვს“.
თუმცა TMTG-ის აღმასრულებელი დირექტორის, კევინ მაკგერნის ინფორმაციით, Truth API-ზე წვდომისთვის 10-ზე მეტ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ტრამპის პოსტებზე პრიორიტეტული წვდომისთვის მათი ყოველთვიური გადასახადი $60,000-დან $100,000-მდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ Trump Media თავისი სოციალური პლატფორმის, Truth Social-ის ცალკე კომპანიად გამოყოფასაც გეგმავდა, თუმცა ივნისში ეს ინიციატივა შეაჩერა. ტრამპის ფირმამ 2026 წლის მეორე კვარტალის შედეგები ორშაბათს გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, Trump Media-მ, აპრილ-ივნისის პერიოდში, $238.1 მილიონის ზარალი მიიღო, შემოსავალმა კი მხოლოდ $1.7 მილიონი შეადგინა. კვარტალური ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი ბოლო ორი კვირის მინიმუმამდე დაეცა.













