2026 წლის ზაფხულის სეზონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა $4 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, მიმდინარე სეზონი პანდემიის შემდეგ მხოლოდ მეორეა, როდესაც აშშ-ის სალაროებში გაყიდვებმა $4-მილიარდიანი ნიშნული გადალახა.
კინოთეატრების გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ფილმებმა: „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“, „სათამაშოების ისტორია 5“ და „ოდისეამ“ შეიტანეს. ასევე, წარმატებული აღმოჩნდა საშინელებათა ჟანრის ფილმები, „ბექრუმსი“ და „შეპყრობილი“.
ამ დროისთვის ზაფხულის კინოგაქირავებას „ადამიანი-ობობას“ ახალი ფილმი ლიდერობს, რომელმაც შიდა ბაზრებზე უკვე $655 მილიონი გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა „სათამაშოების ისტორიის“ მეხუთე ნაწილი — $470 მილიონით, ხოლო კრისტოფერ ნოლანის „ოდისეამ“ $461 მილიონი გამოიმუშავა.
დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმ „შეპყრობილის“ კინოგაქირავებიდან მაისში აშშ-ის სალაროებში მიღებულმა შემოსავალმა $263.3 მილიონს მიაღწია, ხოლო „ბექრუმსმა“, რომლის რეჟისორი 20 წლის YouTube-კონტენტკრეატორია, $197.4 მილიონი გამოიმუშავა. ზაფხულის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის ასევე მოხვდა „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილი — $220.5 მილიონით.
ცნობისთვის, პანდემიის შემდგომ, ზაფხულის კინოგაქირავებიდან ორივე $4-მილიარდიანი სეზონი რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს უკავშირდება. პირველი შემთხვევა 2023 წელს იყო, როდესაც ნოლანის „ოპენჰაიმერმა“ მხოლოდ აშშ-ის/კანადის შიდა კინოგაქირავებიდან სალაროებში $330.1 მილიონის შემოსავალი მიიღო.













