ფოტო: Bonnie Cash/UPI/Bloomberg
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსხვილ ეკონომიკებს აშშ-ში ტვირთის შესატანად მესამე ქვეყნების გამოყენებაში ადანაშაულებს. თეთრი სახლის მტკიცებით, აღნიშნულ პრაქტიკაში 40-ზე მეტი მესამე ქვეყანაა ჩართული. შედეგად კი, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი ყოველწლიურად $19-26 მილიარდის ტარიფებიდან მისაღებ შემოსავალს კარგავს.
სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, პიტერ ნავაროს განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახალ სავაჭრო წესებში ტრანზიტული გადაზიდვების პრევენციისთვის ახალ დებულებებსაც შეიტანს. მისივე გაფრთხილებით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მსგავსი პრაქტიკის ხელშეწყობაში იქნებიან შემჩნეულნი, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
ნავარომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურმა მესამე ქვეყნების გავლით აშშ-ში შესული საქონლის გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე დაიწყო.
ცნობისთვის, ტრანზიტული გადაზიდვა საქონლის რეალური წარმოშობის დასამალად, მისი მესამე, შუალედური ქვეყნის გავლით გადატანას გულისხმობს. თეთრი სახლის ანგარიშის მიხედვით, მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებით 2018 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას, ჩინურ საქონელზე ფართომასშტაბიანი ტარიფების დაწესების შემდეგ გახშირდა. თეთრი სახლის შეფასებით, ტარიფების გვერდის ავლით, მესამე ქვეყნის ტერიტორიების გავლით, აშშ-ში ყოველწლიურად $34.2 მილიარდიდან $303 მილიარდამდე ღირებულების საქონელი შედის.
ანგარიშში განხილულ პერიოდში აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $371 მილიარდს უტოლდებოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე დაახლოებით $189 მილიარდით ნაკლებია. ტრამპის ადმინისტრაცია ამ გაუმჯობესებას ნაწილობრივ ტარიფების ეფექტს უკავშირებს, თუმცა, ეკონომისტების განცხადებით, დეფიციტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმპორტის მკვეთრი კლებაა.















