თავისუფლება, როგორც ინფრასტრუქტურა: როგორ ცვლის თანამედროვე ავტორიტარიზმი კონტროლის ფორმებს?

თავისუფლება, როგორც ინფრასტრუქტურა: როგორ ცვლის თანამედროვე ავტორიტარიზმი კონტროლის ფორმებს?

საავტორო სვეტში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორის პირად შეხედულებას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

ციხიდან ლეოპოლდო ლოპესს ყველაზე მკაფიოდ ყვირილი კი არა, ლითონის ხმა ახსოვს: ჯერ ერთი საკეტის ჩაკეტვა, შემდეგ მეორისა და მესამის, ბოლოს კი – სიჩუმე. ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც ნიკოლას მადუროს რეჟიმის პატიმრობაში ექვსი წელი გაატარა, კიდევ ერთ დეტალს იხსენებს – საკნის ზედა კუთხეში დამონტაჟებულ კამერას. ის ყოველთვის იქ იყო – უძრავი და უხმო. კამერას თავისი ძალის დასამტკიცებლად ხილული სასჯელის მუდმივად გამოყენება არ სჭირდებოდა; საკმარისი იყო, პატიმარს სცოდნოდა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისთვის ეთვალთვალათ.

დროთა განმავლობაში მეთვალყურე თითქოს ადამიანის ცნობიერებაში ინაცვლებს. ადამიანი მოძრაობამდე, სიტყვის წარმოთქმამდე და ზოგჯერ ფიქრამდეც კი იწყებს საკუთარი თავის კონტროლს. ძალაუფლებას მისი ყოველ ჯერზე გაჩუმება აღარ სჭირდება – ადამიანი თავად სწავლობს დუმილს.

სწორედ ამ გამოცდილებით იწყება ლოპესის ესე დემოკრატია ქსელური კონტროლის ეპოქაში“ („Democracy in an Age of Networked Control“), რომელიც 2026 წელს Journal of Democracy-ში გამოქვეყნდა. ავტორს მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, როგორ ზღუდავენ ავტორიტარული რეჟიმები თავისუფლებას, არამედ უფრო რთულ კითხვასაც სვამს: როგორ უნდა დავიცვათ თავისუფლება, როდესაც კონტროლის მექანიზმები ერთ შენობაში, უწყებასა თუ სათვალთვალო კამერაში აღარ არის თავმოყრილი და ყოველდღიური ცხოვრების სისტემებში შეუმჩნევლადაა ჩაშენებული?

როდესაც კამერას კონკრეტული ადგილი აღარ აქვს

მე-20 საუკუნის ავტორიტარიზმის ნიშნები ადვილად ამოსაცნობი იყო: აკრძალული გაზეთი, დაპატიმრებული დისიდენტი, ძალით დაშლილი დემონსტრაცია, რედაქციაში მყოფი ცენზორი და მოქალაქის კართან მდგარი საიდუმლო პოლიცია. რეპრესია შეიძლება ფართომასშტაბიანი ყოფილიყო, მაგრამ ყველასთვის ხილული იყო, ვინ ახორციელებდა მას და ვის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომ მისი მხილება, დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფასის გაზრდა შედარებით შესაძლებელი იყო.

თანამედროვე ავტორიტარიზმი ამ მეთოდებს კვლავ იყენებს, თუმცა სულ უფრო ხშირად ცდილობს, იმავე შედეგს ნაკლებად შესამჩნევი გზებით მიაღწიოს. ლოპესი ასეთ მოდელს „ქსელურ ავტოკრატიას უწოდებს. მას სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: კონტროლი ხშირად უხილავია, ერთდროულად უამრავ ადამიანზე ვრცელდება და სხვადასხვა სფეროს ერთმანეთთან აკავშირებს. ის შეიძლება განხორციელდეს ალგორითმების, ციფრული საკომუნიკაციო სისტემების, საბანკო წესებისა და ადმინისტრაციული მონაცემთა ბაზების მეშვეობით. გარეგნულად ეს ყველაფერი ნეიტრალურ ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ მექანიზმად გამოიყურება, მაგრამ ერთი რეგულაციის ან მართვის წესის ცვლილებამ მილიონობით ადამიანის ინფორმაციის მიღების, ფინანსური საქმიანობისა თუ საზოგადოებრივი მონაწილეობის შესაძლებლობაზე შეიძლება იმოქმედოს.

ძველი ცენზორი კონკრეტულ ტექსტს კრძალავდა ან შლიდა. თანამედროვე სისტემა შეიძლება ფორმალურად არაფერს კრძალავდეს, მაგრამ განსაზღვრავდეს, რას დაინახავს საზოგადოება, რომელი ინფორმაცია დაიკარგება საერთო ნაკადში, ვის შეეზღუდება აუდიტორიასთან წვდომა და რომელი გზავნილი გავრცელდება ფართოდ. გარეგნულად სიტყვის უფლება არავის წართმევია, მაგრამ ზოგიერთ ხმას საზოგადოებამდე მიღწევის შესაძლებლობა პრაქტიკულად ეკარგება.

ინფორმაცია, ფინანსები და იდენტობა

ქსელური კონტროლის პირველი სფერო ინფორმაციაა. კრიტიკულ მომენტში ხელისუფლებას შეუძლია ინტერნეტის შენელება ან გათიშვა, მოქალაქეთა ონლაინაქტივობის მონიტორინგი, ციფრულ სივრცეში ცალკეული ინფორმაციის ხილვადობის შემცირება ან გაზრდა და დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში საერთო რეალობის დარღვევა. მიზანი მხოლოდ ცალკეული კრიტიკული ხმის ჩახშობა აღარ არის. უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ერთმანეთთან დაკავშირება, საერთო პრობლემის გააზრება და ერთობლივი მოქმედების დაგეგმვა ვერ შეძლონ.

კონტროლის მეორე სფერო ფინანსებია. პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრება საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და ხელისუფლებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფასად შეიძლება დაუჯდეს. საბანკო ანგარიშის დახურვა, შემოსავლის წყაროს შეზღუდვა ან ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შეფერხება კი ხშირად ნაკლებად შესამჩნევია. ადამიანს შეიძლება ოფიციალურად ბრალიც არ წაუყენონ, მაგრამ მოქმედებისთვის აუცილებელი მატერიალური რესურსები წაართვან. ლოპესის შეფასებით, ფინანსურმა გარიყვამ ზოგჯერ შეიძლება იგივე ფუნქცია შეასრულოს, რომელსაც წარსულში ციხე და პატიმრობა ასრულებდა – ოღონდ ხელისუფლებისთვის გაცილებით ნაკლები პოლიტიკური დანახარჯით.

მესამე სფერო სამართლებრივი და ადმინისტრაციული იდენტობაა: პასპორტი, ბინადრობის სტატუსი, რეგისტრაცია, პროფესიული ლიცენზია და საჯარო რეესტრებში დაცული მონაცემები. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების მრავალ სისტემასთან არის დაკავშირებული. თუ ხელისუფლება ამ სისტემებს პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად იყენებს, მოქალაქეს შეიძლება ფორმალურად თავისუფლება არ ჩამოერთვას, მაგრამ პრაქტიკულად შეეზღუდოს გადაადგილება, დასაქმება, პროფესიული საქმიანობა, დაფინანსების მიღება ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.

ცალ-ცალკე არცერთი ეს ინსტრუმენტი სრულიად ახალი არ არის. სიახლე მათ ერთმანეთთან დაკავშირებულ გამოყენებაშია. როდესაც ერთდროულად კონტროლდება ადამიანის საჯარო ხმა, ფინანსური რესურსები და ადმინისტრაციული სტატუსი, მისი მოქმედების უნარის შეზღუდვა ხმაურიანი და ყველასთვის ხილული რეპრესიის გარეშეც შესაძლებელია. ამიტომ ქსელური ავტორიტარიზმის ამოცნობა რთულია: მოქალაქე ხშირად მხოლოდ მის წინაშე წარმოქმნილ ცალკეულ დაბრკოლებას ხედავს და ვერ ამჩნევს კონტროლის მთლიან სისტემას.

როცა ლეგიტიმურობას მისი იმიტაცია ენაცვლება

ლოპესი თავის მსჯელობას სეიმურ მარტინ ლიპსეტის კლასიკურ თეორიას უკავშირებს. ლიპსეტის მიხედვით, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა ორ ძირითად საყრდენს, ლეგიტიმურობასა და ეფექტიანობას, ეფუძნება. ლეგიტიმურობა გულისხმობს საზოგადოების რწმენას, რომ არსებული ინსტიტუტები სამართლიანი და მისაღებია, ხოლო ეფექტიანობა – ამ ინსტიტუტების უნარს, უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს და ხელშესახები შედეგები შექმნან.

თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორივე ცნების მნიშვნელობას ცვლიან. ლეგიტიმურობა ხშირად საზოგადოების ნდობით აღარ მოიპოვება. მის ნაცვლად ლეგიტიმურობის გარეგნული სახე იქმნება. არჩევნები ტარდება, პარლამენტი მუშაობს, სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს და ოპოზიციაც ფორმალურად არსებობს, მაგრამ პოლიტიკური კონკურენცია თანასწორ პირობებში არ მიმდინარეობს და მისი საზღვრები წინასწარ არის შეზღუდული. დემოკრატიული ინსტიტუტები გარეგნულად შენარჩუნებულია, თუმცა მათი რეალური ფუნქცია და შინაარსი თანდათან სუსტდება.

იცვლება ეფექტიანობის გაგებაც. ხელისუფლება შეიძლება სათანადოდ ვერ უმკლავდებოდეს სიღარიბეს, განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემებს ან ემიგრაციას, მაგრამ ეფექტიანად აკონტროლებდეს საჯარო დღის წესრიგს, მოქალაქეთა ქცევასა და ოპოზიციის ორგანიზების შესაძლებლობას. ასეთ სისტემაში რეჟიმის მდგრადობა კარგი მმართველობის შედეგი აღარ არის. ზოგჯერ ყველაზე მდგრადი სწორედ ის ხელისუფლება აღმოჩნდება, რომელიც საზოგადოებრივ პრობლემებს უკეთ კი არ წყვეტს, არამედ მოქალაქეებსა და ინსტიტუტებზე კონტროლს უფრო თანამიმდევრულად აძლიერებს.

როდესაც თეორია საქართველოს რეალობას უახლოვდება

საქართველოს ვენესუელასთან, ბელარუსთან ან ირანთან პირდაპირი გაიგივება ანალიტიკურად არასწორი იქნებოდა. ქვეყანაში კვლავ არსებობს მრავალფეროვანი საზოგადოება, კრიტიკული მედია, პოლიტიკური წინააღმდეგობა და ევროპული არჩევანის ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. თუმცა გარდამავალ ვითარებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის შეფასება, სად ვიმყოფებით დღეს, არამედ იმის დანახვაც, თუ რა მიმართულებით იცვლება პოლიტიკური გარემო და სახელმწიფო ინსტიტუტები.

საქართველოს შემთხვევაში ყურადღებას იქცევს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პროცესი: სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სამართლებრივი და ფინანსური სივრცის შევიწროება; უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებული მასტიგმატიზებელი კანონებისა და რიტორიკის გამოყენება კრიტიკული საზოგადოებრივი ჯგუფების დისკრედიტაციისთვის; კრიტიკული ორგანიზაციებისა და მოქალაქეების „უცხო ინტერესების“ გამტარებლებად წარმოჩენა; საჯარო ინსტიტუტებში პროფესიულ კომპეტენციაზე მეტად პოლიტიკური ლოიალობის დაფასება; მედიის უკიდურესი პოლარიზაცია და მოქალაქეებზე ადმინისტრაციული, სამართლებრივი თუ ეკონომიკური ზეწოლის საფრთხე.

ეს მხოლოდ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისას გამოთქმული შეფასებები არ არის. 2024 წელს ვენეციის კომისიამ მკაფიო რეკომენდაცია გასცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების თაობაზე და აღნიშნა, რომ მას გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე ძლიერი შემაკავებელი გავლენის მოხდენა შეუძლია. ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში საუბარია ფუნდამენტური უფლებების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო სივრცის მდგომარეობის გაუარესებაზე. ანგარიშში რეკომენდებულია როგორც ამ კანონის, ისე მოგვიანებით მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის უპირატესმა მდგომარეობამ და ფინანსური რესურსების მკვეთრმა უთანასწორობამ არათანაბარი საარჩევნო გარემო შექმნა.

ამ პროცესების მნიშვნელობა ცალკეული კანონების შინაარსით არ შემოიფარგლება. მთავარია მათი ერთობლივი გავლენის შეფასება: ქმნის თუ არა საკანონმდებლო, ფინანსური, საინფორმაციო და ადმინისტრაციული შეზღუდვების ერთობლიობა ისეთ გარემოს, სადაც ხელისუფლების კრიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მოქალაქისთვის სულ უფრო რთული და სარისკო ხდება? თუ ასეა, მაშინ საქმე მხოლოდ რამდენიმე სადავო რეგულაციასთან აღარ გვაქვს. იცვლება თავად ის გარემო, რომელშიც მოქალაქეები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობენ.

სწორედ ასეთ პირობებში იბადება თვითცენზურა. ხელისუფლებას ყველა კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის დაპატიმრება აღარ სჭირდება. საკმარისია ადამიანმა იცოდეს, რომ საჯაროდ გამოთქმულმა პოზიციამ შეიძლება სამსახური, დაფინანსება, პროფესიული შესაძლებლობები ან პირადი უსაფრთხოება დააკარგვინოს. სათვალთვალო კამერა შეიძლება არსად ჩანდეს, მაგრამ მისი ფუნქცია უკვე შესრულებულია: ადამიანი წინასწარ ითვლის საკუთარი სიტყვის შესაძლო ფასს და ხშირად დუმილს ირჩევს.

თავისუფლება ქაღალდზე და თავისუფლება მოქმედებაში

ლოპესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა თავისუფლების ინფრასტრუქტურად გააზრებაა. თავისუფლებაზე საუბრისას, ჩვეულებრივ, ყურადღებას ძირითად უფლებებზე ვამახვილებთ – სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაზე, გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე. ეს უფლებები დემოკრატიის საფუძველია, თუმცა ქსელური კონტროლის პირობებში მათი მხოლოდ კონსტიტუციით აღიარება საკმარისი აღარ არის.

მნიშვნელოვანია, შეუძლია თუ არა მოქალაქეს ამ უფლებების რეალურად გამოყენება. აქვს თუ არა დამოუკიდებელ მედიას აუდიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა? შეუძლია თუ არა სამოქალაქო ორგანიზაციას კანონიერი დაფინანსების მიღება ისე, რომ მტრულ ძალად არ გამოცხადდეს? შეუძლია თუ არა პროფესიონალს კრიტიკული აზრის გამოთქმა კარიერის დაკარგვის მუდმივი შიშის გარეშე? შეუძლია თუ არა მოქალაქეთა ჯგუფს ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება?

თუ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, კანონით აღიარებული უფლებები თანდათან ფორმალურ მნიშვნელობას იძენს. თავისუფლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ნებართვა კი არა, ამ უფლებებით რეალურად სარგებლობის შესაძლებლობაა. სწორედ ამას გულისხმობს თავისუფლების ინფრასტრუქტურა – კომუნიკაციის, ფინანსური საქმიანობისა და საზოგადოებრივი ორგანიზების ისეთი დამოუკიდებელი და მდგრადი სივრცეების არსებობას, რომელთა ერთი პოლიტიკური ცენტრიდან სრულად კონტროლი ან შეზღუდვა შეუძლებელია.

ლოპესი გამოსავალს დეცენტრალიზებულ კომუნიკაციაში, ალტერნატიულ ფინანსურ ინსტრუმენტებში, ღია ტექნოლოგიებსა და დამოუკიდებელ სამოქალაქო ქსელებში ხედავს. თუმცა ამ საკითხს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ: ტექნოლოგია თავისთავად არც თავისუფლების გარანტიაა და არც ავტორიტარიზმის წყარო. დეცენტრალიზებული სისტემები შეიძლება დემოკრატიულ წინააღმდეგობას დაეხმაროს, მაგრამ მათი გამოყენება მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც შესაძლებელია. ამიტომ გადამწყვეტია არა ტექნოლოგიისადმი უპირობო ნდობა, არამედ ძალაუფლების განაწილების პრინციპი – ვინ აკონტროლებს სისტემას, რამდენად გამჭვირვალედ მიიღება გადაწყვეტილებები, შესაძლებელია თუ არა მათი გასაჩივრება და აქვს თუ არა მოქალაქეს რეალური ალტერნატივა.

დემოკრატიულ წინააღმდეგობასაც განახლება სჭირდება

მე-20 საუკუნის არაძალადობრივი მოძრაობები ძირითადად ცენტრალიზებულ ლიდერობას, მოქალაქეთა მასობრივ მობილიზაციასა და რეჟიმის მიერ გამოყენებული ძალადობის პოლიტიკური ფასის გაზრდას ეყრდნობოდა. ეს მექანიზმები დღესაც მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი აღარ არის. ცენტრალიზებულმა მოძრაობამ შეიძლება სწრაფად დაკარგოს მოქმედების უნარი, თუ მისი ლიდერი იზოლაციაში მოექცევა, საკომუნიკაციო არხები შეიზღუდება ან ფინანსური რესურსები გახდება მიუწვდომელი.

ამიტომ დემოკრატიული მედეგობა მხოლოდ მოქალაქეთა მასობრივ მობილიზაციას არ გულისხმობს. ის მოითხოვს ისეთი საზოგადოებრივი ქსელების შექმნასაც, რომლებიც ერთი ლიდერის, ორგანიზაციის ან საკომუნიკაციო ცენტრის განეიტრალების შემთხვევაშიც განაგრძობს მოქმედებას. დამოუკიდებელი მედია, პროფესიული გაერთიანებები, უნივერსიტეტები, ადგილობრივი ორგანიზაციები და საერთაშორისო კავშირები თავისუფალი საზოგადოების მეორეხარისხოვანი ელემენტები კი არა, მისი სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია.

ინდივიდუალური თავისუფლება და კოლექტიური მოქმედება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება – პირიქით, ისინი ურთიერთდაკავშირებულია. მოქალაქე, რომელსაც ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შეუზღუდონ კომუნიკაციის, შემოსავლის მიღებისა და პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობები, სრულფასოვნად ვეღარც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობს. ამიტომ პიროვნული ავტონომიის დაცვა კოლექტიური სოლიდარობის აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო მრავალ ცენტრზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ქსელები ამ სოლიდარობას ზეწოლის მიმართ უფრო მდგრადს ხდის.

ვინ აკონტროლებს თავისუფლების პირობებს?

თანამედროვე დემოკრატიისთვის კვლავ უმნიშვნელოვანესია, ვინ მართავს ქვეყანას, თუმცა ამას კიდევ ერთი არსებითი კითხვა ემატება: ვინ აკონტროლებს იმ სისტემებს, რომელთა საშუალებითაც მოქალაქე აზრს გამოთქვამს, მუშაობს, გადაადგილდება, ფინანსურ საქმიანობას ეწევა და სხვებთან ერთად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობს?

ეს საფრთხე მხოლოდ ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის არ არის დამახასიათებელი. მონაცემთა ბაზები, ფინანსური ზედამხედველობა, ხელოვნური ინტელექტი და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მასალის მართვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხშირად კანონიერ მიზნებს ემსახურება – საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის პრევენციასა და მომხმარებელთა დაცვას. თუმცა ამ ინსტრუმენტებს ორმაგი დანიშნულება აქვს: ძლიერი დემოკრატიული კონტროლისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გარეშე ისინი მოქალაქეთა დაცვის საშუალებებიდან პოლიტიკური ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმებად შეიძლება გადაიქცეს.

ამიტომ თავისუფლების დაცვა დღეს მხოლოდ არჩევნების, კონსტიტუციისა და დამოუკიდებელი სასამართლოს დაცვით აღარ შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი დემოკრატიისთვის შეუცვლელია. საჭიროა იმ ინფრასტრუქტურის დაცვაც, რომელიც მოქალაქეს კანონით აღიარებული უფლებებით რეალურად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. თუ ინფორმაციის გავრცელების, ფინანსური საქმიანობის, სამართლებრივი იდენტობისა და საზოგადოებრივი ორგანიზების არხები სრულად კონტროლდება, პოლიტიკური თავისუფლება შეიძლება ქაღალდზე დარჩეს, მაგრამ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებიდან თანდათან გაქრეს.

ლოპესის ციხის საკანში სათვალთვალო კამერას კონკრეტული ადგილი ჰქონდა. თანამედროვე საზოგადოებაში კი კონტროლის წყარო ერთ ადგილას აღარ არის თავმოყრილი – ის შეიძლება ალგორითმში, რეგულაციაში, საბანკო გადაწყვეტილებასა თუ მონაცემთა ბაზაში იყოს ჩაშენებული. ამიტომ დემოკრატიის მომავალი მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, ვინ გაიმარჯვებს მომდევნო არჩევნებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ აკონტროლებს იმ სისტემებს, რომლებზეც თავისუფლებით რეალურად სარგებლობაა დამოკიდებული.

ვინც თავისუფლების ინფრასტრუქტურას აკონტროლებს, საბოლოოდ თავად თავისუფლების საზღვრებსაც ადგენს.


გამოყენებული ლიტერატურა:

მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი.