ფოტო: AFP
ვაშინგტონში დაფუძნებული „აბდორაჰმან ბორუმანდის ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში ირანში სიკვდილით დასჯის 901 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის, მხოლოდ აგვისტოში, თეირანმა სიკვდილით 28 პირი დასაჯა.
ორგანიზაციის შეფასებით, ირანში სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებამ მკვეთრად იმატა ეროვნული უსაფრთხოების, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საქმეებში. კერძოდ, 2026 წლის 7-თვიან პერიოდში, პოლიტიკური ან ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებებით, სიკვდილით სულ მცირე 56 ადამიანი დასაჯეს, მათ შორის 29 — მასობრივ საპროტესტო აქციებთან კავშირის გამო, 13 — ჯაშუშობაში ბრალდებით, ხოლო 14 — უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ბრალდებებით.
ამავე პერიოდში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით, თეირანმა სასჯელის უმაღლესი ზომა სულ მცირე 268 პირის მიმართ გამოიყენა.
„აბდორაჰმან ბორუმანდის ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები არაპროპორციულად აისახება ეთნიკურ უმცირესობებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ირანში იანვრიდან ივლისამდე პერიოდში სულ მცირე 98 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 ბალუჩი, 29 ქურთი, 21 ავღანელი, ექვსი არაბი, ერთი თურქი და ერთი თურქმენი.
ანგარიშში ასევე დოკუმენტირებულია 16 ქალისა და ორი პირის სიკვდილით დასჯის ფაქტი, რომლებიც, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის დროისთვის 18 წელს მიუღწეველნი იყვნენ. ასევე, ორგანიზაციის ცნობით, ხუთი პირი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს.
გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მომზადებულ ანგარიშში გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 2024 წელს ირანში, არსებული ცნობებით, სიკვდილით დასჯის განაჩენი სულ მცირე 975 ადამიანის მიმართ აღესრულა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია, ხოლო 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.















