ევროპის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ავიაკომპანიები | AirAdvisor-ის რეიტინგი

ევროპის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ავიაკომპანიები | AirAdvisor-ის რეიტინგი

ფოტო: AP 

 

გლობალური ფრენებისა და ბარგის კომპენსაციის სერვისმა, AirAdvisor-მა, ევროპის მასშტაბით ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ავიაკომპანიების რეიტინგი წარმოადგინა. ანგარიში ჯამში რეგიონის 23 ავიაკომპანიას RASK-ის (Revenue per Available Seat Kilometre) მაჩვენებლის მიხედვით აფასებს. აღნიშნული მაჩვენებელი გულისხმობს საშუალო შემოსავალს მგზავრ-კილომეტრზე, შესაბამისად, იმ თანხას, რომელსაც ავიაკომპანია თითოეული ხელმისაწვდომი ადგილისთვის გავლილ კილომეტრზე იღებს.

RASK-ის მიხედვით, შესაძლებელია შეფასდეს, თუ საშუალოდ რამდენს იხდის ერთი მგზავრი აღნიშნული ავიაკომპანიით მგზავრობისას — ფრენის მანძილისა და ხელმისაწვდომი ადგილების გათვალისწინებით. შედეგად, მაჩვენებელი ბილეთის ფასთან ერთად მოიცავს დამატებით ხარჯებსაც, როგორებიცაა, მაგალითად, ბარგისა და თვითმფრინავში ადგილის არჩევის საფასური. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია RASK-ი, მით უფრო ძვირად ითვლება ავიაკომპანია.

AirAdvisor-ის კვლევაში ძირითადად მსხვილი და მნიშვნელოვანი რეგიონული ავიაკომპანიები მოხვდნენ. ანგარიშის თანახმად, მცირე ზომის ავიაკომპანიებს თითო მგზავრზე ხშირად უფრო მაღალი ხარჯები აქვთ, რაც ნაკლები რაოდენობით მარშრუტის, მცირე ავიაპარკის, დაბალი მოთხოვნის ან რთულად მისადგომი მიმართულებების მომსახურების მიზეზით აიხსნება.

ამასთან, კვლევით დადგინდა, რომ 2024-დან 2025 წლამდე ევროპის ავიაკომპანიების უმეტესობისთვის RASK-ი შემცირებულია. მაგალითად, იმ 14 ავიაკომპანიიდან, რომელთა მონაცემებიც ყოველწლიურად ხელმისაწვდომი იყო, RASK-ის მაჩვენებელი მხოლოდ ხუთ შემთხვევაში გაიზარდა, ხოლო ცხრა ავიაკომპანიაში შემცირდა.

AirAdvisor-ის კვლევით, ევროპის ყველაზე ძვირი ავიაკომპანიების რეიტინგის სათავეში ნორვეგიული Widerøe-ია, რომლის RASK-მა €0.32 შეადგინა. Widerøe ნორვეგიისთვის სიდიდით მესამე ავიაკომპანიაა და ძირითადად ქვეყნის მცირე რეგიონულ აეროპორტებს დიდ აეროპორტებთან აკავშირებს. უფრო მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიებს შორის RASK-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი British Airways-ს აქვს — 2025 წელს მისი RASK-ი €0.0888 იყო, რაც წინა წელთან შედარებით €0.0038-ით მეტია. მესამე ადგილზე Air France და Austrian Airlines არიან — ორივე ავიაკომპანიის RASK-ი €0.0850-ია.

რეიტინგის მეორე მხარეს, RASK-ის გათვალისწინებით ყველაზე იაფი ავიაკომპანიების სათავეში კი Wizz Air-ია. მისი RASK–ი მხოლოდ €0.0433-ს შეადგენს, რაც მას, AirAdvisor-ის კვლევით, ევროპის ყველაზე იაფ ავიაკომპანიად აქცევს. შესაძლოა, განსხვავება მცირე ჩანდეს, თუმცა რეალურად საშუალო ევროპული ფრენის მანძილის გათვალისწინებით ეს განსხვავება სწრაფად იზრდება. მაგალითად, Air France-ის ნაცვლად Wizz Air-ით მგზავრობამ შესაძლოა მგზავრს დაახლოებით €50 დაუზოგოს.

მეორე ყველაზე დაბალი RASK-ი easyJet-ს აქვს — €0.0521. ამ ავიაკომპანიის მაჩვენებელი 2024 წლის €0.0770-დან 2025 წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ხოლო მესამე ადგილზეა Ryanair-ი, რომლის RASK-იც €0.0843-დან €0.0556-მდე დაეცა.

წარმოგიდგენთ ევროპის ავიაკომპანიების სრულ რეიტინგს RASK-ის მიხედვით (ძვირიდან იაფისკენ):

  1. Widerøe – €0.32 RASK
  2. British Airways – €0.0888 RASK
  3. Air France – €0.085 RASK
  4. Austrian Airlines – €0.085 RASK
  5. Lufthansa – €0.0845 RASK
  6. Aegean Airlines – €0.0839 RASK
  7. KLM – €0.0837 RASK
  8. ITA Airways – €0.0836 RASK
  9. SWISS – €0.083 RASK
  10. Aer Lingus – €0.0807 RASK
  11. Brussels Airlines – €0.0797 RASK
  12. Eurowings – €0.0782 RASK
  13. SAS – €0.0758 RASK
  14. Vueling – €0.079 RASK
  15. Turkish Airlines – €0.0729 RASK
  16. Iberia – €0.0708 RASK
  17. TAP Portugal – €0.0696 RASK
  18. Norwegian Air Shuttle – €0.068 RASK
  19. Transavia – €0.0664 RASK
  20. Finnair – €0.0622 RASK
  21. Ryanair – €0.0556 RASK
  22. easyJet – €0.0521 RASK
  23. Wizz Air – €0.0433 RASK