უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სესხით ანტიბალისტიკური სისტემების შეძენას გეგმავს

უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სესხით ანტიბალისტიკური სისტემების შეძენას გეგმავს

ფოტო: Jens Büttner/AFP via Getty Images

 

უკრაინა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი €90-მილიარდიანი სესხით, თავდაცვითი კომპონენტის შესყიდვის ფარგლებში, ანტიბალისტიკური სისტემების, რაკეტებისა და დრონების შეძენას გეგმავს. ევროკომისიის მაღალჩინოსანმა, რომელიც სესხის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან არის დაკავშირებული, Euronews-ს განუცხადა, რომ კიევმა თავდაცვითი დაფინანსების მომდევნო პაკეტის ერთ-ერთ პოტენციურ მიმართულებად ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების შეძენა დაასახელა.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი სისტემების შეძენაზეა საუბარი. განხილვის საგანია როგორც აშშ-ში წარმოებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ისე ფრანგულ-იტალიური SAMP/T NG, მიწიდან ჰაერში მოქმედი სარაკეტო სისტემა. საბოლოო პროდუქციის ჩამონათვალი ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა შესაბამისი შეკვეთის გაფორმება სექტემბრამდეა მოსალოდნელი. უკრაინა, სავარაუდოდ, რაკეტებისა და დრონების შეძენასაც განიხილავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაზე ოთხშაბათს ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის ანტისარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. თავდასხმას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა.

„რუსეთი აგებს მის მიერ დაწყებულ ომს და ამის საპასუხოდ სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას ესხმის თავს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები გაუძლიეროს და ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საჭირო საშუალებები მიაწოდოს.

საკითხი ევროკავშირში გარკვეულ უთანხმოებასაც იწვევს. საფრანგეთის მსგავსად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ბლოკის ფინანსური მხარდაჭერა ევროპული წარმოების შეიარაღების შესაძენად უნდა გამოიყენონ, რაც ევროპის თავდაცვის ინდუსტრიასაც გააძლიერებს. მეორე მხრივ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის უფრო მეტ მოქნილობას ითხოვს, რათა კიევმა ომის პირობებში საჭირო შეიარაღება მწარმოებელი ქვეყნის მიუხედავად სწრაფად შეიძინოს.

ფინეთის, შვედეთის, ლიტვის, დანიის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის თავდაცვის მინისტრებმა ივლისში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადეს, რომ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას „ცენტრში უნდა იყოს“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე არაერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების დამატებითი რაკეტები გამოყოს, რათა ქვეყანამ რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მოგერიება, ზამთრის გადატანა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა შეძლოს.

ამასთან, ზელენსკიმ ივლისში განაცხადა, რომ უკრაინა ფრანგულ-იტალიური SAMP/T NG-სისტემების პირველი გახდება უშუალოდ ბრძოლაში. უკრაინის საჯარო განცხადების თანახმად, კიევი ამ სისტემების შეძენას ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერის სესხის 2026 და 2027 წლების ტრანშების ფარგლებში გეგმავს, ხოლო მიწოდება 2027 წლიდან, „რაც შეიძლება მალე“, უნდა დაიწყოს.

ევროკავშირის €90-მილიარდიანი სესხიდან დაახლოებით €60 მილიარდი უკრაინის ომის პირობებში თავდაცვის გაძლიერებაზე იქნება მიმართული, დარჩენილი თანხა კი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად გამოიყენება.

2026 წელს უკრაინისთვის თავდაცვითი სამრეწველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად €28.3 მილიარდია გათვალისწინებული, რომლის ნაწილიც უკვე გაცემულია.

თავდაცვითი პაკეტის ე.წ. „Made in Europe“ პრინციპი მიზნად ისახავს, რომ დაფინანსების რაც შეიძლება დიდი ნაწილი ევროპულ, და არა უცხოურ, თავდაცვის მწარმოებლებთან დაიხარჯოს. პრიორიტეტი ენიჭებათ უკრაინის, ევროკავშირისა და EEA-EFTA-ის ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებს.

თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირს შეუძლია გამონაკლისი დაუშვას და უკრაინას მისცეს უფლება, ევროპის გარეთ წარმოებული შეიარაღება შეიძინოს. ასეთი გამონაკლისები, მათ შორის, დრონებთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძენად უკვე გამოყენებულია. შესაბამისად, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენა შესაძლოა შესაძლებელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა ევროპული წარმოების არ არის.