ფოტო: Getty Images
ჯონ ტერნუსმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. თანამდებობაზე ტერნუსმა ტიმ კუკი შეცვალა, რომელმაც ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიაში CEO-ს პოზიციიდან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა.
ამგვარად, Apple-ში ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებით ტიმ კუკის 15-წლიანი მმართველობის პერიოდიც დასრულდება. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კუკმა კომპანიის გლობალური მიწოდების ჯაჭვის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, ტერნუსს კი, როგორც უწინასწარმეტყველებენ, ძირითადად Apple-ის ტექნოლოგიური პროდუქტებისა და აპარატურის განვითარებაზე მოუწევს მუშაობა.
შედეგად, მას მემკვიდრეობით გადაეცემა კომპანია, რომელიც სმარტფონების ბაზარზე დომინირებს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კონკურენტებს ჩამორჩება. პარალელურად, ტერნუსის გამოწვევა კომპანიის ჩინეთზე დამოკიდებულებასთან გამკლავება და, ამავდროულად, თეთრი სახლიდან მომდინარე მზარდ პოლიტიკურ ზეწოლასთან გამკლავება იქნება.
51 წლის ტერნუსი Apple-ს 2001 წელს, დიზაინის გუნდში შეუერთდა. მოგვიანებით ის ჰარდვეარის ინჟინერიის მიმართულების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გახდა და უშუალოდ კუკს ექვემდებარებოდა. ტერნუსი იმ საინჟინრო გუნდებს კურირებს, რომლებიც Apple-ის პროდუქციის სრულ ხაზზე, მათ შორის, iPhone-ებზე მუშაობენ. ეს უკანასკნელი ამერიკული კომპანიისთვის შემოსავლების უდიდეს ნაწილს აგენერირებს.
ახალ CEO-ს პირველივე გამოცდა მიმდინარე თვეში, კერძოდ, 9 სექტემბერს დაგეგმილ iPhone-ის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე ექნება. არსებული პროგნოზებით, სწორედ ამ ღონისძიებაზე Apple-ი კომპანიის პირველ დასაკეც iPhone-ს წარადგენს.
საინვესტიციო კომპანია Yorkville Ives & Co.-ის პარტნიორისა და მმართველი დირექტორის, დენ აივისის შეფასებით, ტიმ კუკმა Apple-ი „ფენომენალურ მდგომარეობაში“ დატოვა. თუმცა ტერნუსისთვის მთავარი ამოცანა ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განსაზღვრა იქნება.
აივისის შეფასებითვე, ახალი CEO იმ მიმართულებებს დაეყრდნობა, რომლებშიც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. შედეგად, ტექნიკისა და მოწყობილობების მიმართულებით წინსვლასაც უნდა ველოდოთ. მისივე თქმით, კომპანიაში არანაირი მიზეზი არ გააჩნიათ, რომ ის მიმართულებები, რომლებიც ისედაც კარგად მუშაობს, შეცვალონ. შესაბამისად, სავარაუდოდ, აქცენტი ტექნოლოგიურ და აპარატულ ინოვაციებზე გაკეთდება.
ჯონ ტერნუსმა მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიცვა. Apple-ში გაწევრიანებამდე კი Virtual Research Systems-ში ინჟინრად მუშაობდა. Apple-ში მუშაობისას მის სახელს Apple-ის მოწყობილობების გამძლეობის, საიმედოობისა და მდგრადობის გაუმჯობესებაზე მიმართულ სამუშაოებს უკავშირებენ. ტერნუსი ასევე მონაწილეობდა ისეთი დიზაინერული გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რამაც Apple-ის პროდუქციაში ნახშირბადის კვალი შეამცირა.
ტერნუსის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ჩინეთზე დამოკიდებულებაა, რომელსაც Apple-ი ბოლო წლებში აქტიურად ებრძვის. მაგალითად, კომპანიამ iPhone-ების წარმოების ნაწილი ინდოეთში გადაიტანა, ასევე სხვა პროდუქციის წარმოება გააფართოვა ვიეტნამში. თუმცა დივერსიფიკაციის გეგმა შედარებით ნელი ტემპით მიიწევს წინ და ჩინეთი, რომელიც Apple-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამომხმარებლო ბაზარია, კვლავ კომპანიის მიწოდების სისტემის მთავარ ცენტრად რჩება.
ამას ემატება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლა. ტრამპმა Apple-სგან წარსულშიც არაერთხელ მოითხოვა, კომპანიას iPhone-ების წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაეტანა და საზღვარგარეთ წარმოებულ მოწყობილობებზე ტარიფების დაწესებითაც იმუქრებოდა.
კუკმა ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან აცილება პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაციის, აშშ-ში ინვესტიციების დაპირებებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გზით შეძლო. ამავდროულად კი ჩინეთთან ურთიერთობების შენარჩუნებასაც ცდილობდა.
რაც შეეხება კუკს, ის CEO-ს პოსტის დატოვებისთანავე Apple-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება. ეს პოსტი, სხვა მოვალეობებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ქვეყნების პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან ურთიერთობასაც მოიცავს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს Apple-სთვის რაციონალური გადაწყვეტაა, რადგან ტერნუსს საშუალებას მისცემს, ყურადღება ძირითადად კომპანიის მართვასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე გადაიტანოს, მაშინ როდესაც კუკი იმ გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზე გააგრძელებს მუშაობას, რომლებთან გამკლავებაც წლების განმავლობაში უწევდა.














