ფოტო: medium.com
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ბუმი სულ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის კომპანიებისთვისაც, რომლებიც ამ ცენტრებს ელექტროენერგიით, ტრანსფორმატორებითა და გაგრილების სისტემებით ამარაგებენ.
ენერგიის ინტენსიურად მოხმარებადი მონაცემთა ცენტრების რაოდენობის ზრდამ მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ აღჭურვილობაზეც გაზარდა, ტრანსფორმატორებიდან გაგრილების მოწინავე სისტემებამდე. შედეგად, აზიის მიწოდების ჯაჭვში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნით არაერთი კომპანია სარგებლობს, თუმცა ბოლო პერიოდში მათი აქციების ფასის სწრაფი ზრდა გარკვეულწილად შენელდა.
McKinsey-ის პროგნოზით, 2030 წლამდე მონაცემთა ცენტრებში გლობალურად თითქმის $7 ტრილიონის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, Nvidia-ს განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტზე დანახარჯები მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ მაღალი იქნება.
თუმცა მონაცემთა ცენტრების მოთხოვნის შესაბამისი ტემპით აშენება სულ უფრო რთულდება. ე.წ. ჰიპერმასშტაბირებადი კომპანიები ხშირად მონაცემთა ცენტრების დასრულებას ექვს თვეში ითხოვენ, მაშინ როდესაც ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთებას ზოგიერთ განვითარებად ბაზარზე შესაძლოა 24 თვემდე, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 8 წელზე მეტი დასჭირდეს.
„ინდუსტრიის გარეთ ადამიანები გრაფიკულ პროცესორებზე საუბრობენ, თუმცა ინდუსტრიის შიგნით ყველაზე ხშირად გენერატორებისა და ტრანსფორმატორების მიწოდების ვადებზე გეკითხებიან“, – განაცხადა ციფრული ინფრასტრუქტურის მომსახურების პროვაიდერ BodaData-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-თან.
ცნობისთვის, ტრანსფორმატორები მაღალი ძაბვის ელექტროენერგიას ქსელიდან მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ძაბვად გარდაქმნიან, რომელსაც სერვერები, გაგრილების სისტემები და ელექტროენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობები იყენებენ.
ტრანსფორმატორებზე მოთხოვნა იზრდება
ტრანსფორმატორების წამყვანმა მწარმოებლებმა, მათ შორის სამხრეთკორეულმა HD Hyundai Electric-მა და ჩინურმა Hainan Jinpan Smart Technology-მ, 2026 წლის პირველ ნახევარში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული მოთხოვნის მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში.
HD Hyundai Electric-ის განცხადებით, მოთხოვნა იზრდება ევროპაშიც, რადგან აშშ-ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ინვესტიციებს ისეთ ბაზრებზე აფართოებენ, როგორებიც ფინეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთია. ამავდროულად, ძლიერი რჩება მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთიდანაც.
კომპანიის შეკვეთების პორტფელი ივნისის ბოლოსთვის, ექვსი თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა და $8.5 მილიარდს მიაღწია. როგორც მისი წარმომადგენლები Reuters-თან აცხადებენ, სავარაუდოდ, მონაცემთა ცენტრებიდან მომდინარე მოთხოვნა მომდევნო წლებში კვლავ მაღალი იქნება.
HD Hyundai Electric-ის ცნობით, კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე მსხვილ მომხმარებელთან შეკვეთებზე, რომელთა მიწოდებაც შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს.
ჩინურ Jinpan Smart Technology-სთვის კი 2026 წლის პირველ ნახევარში მონაცემთა ცენტრებიდან მიღებული ახალი შეკვეთების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო ამ მიმართულებით არსებული შეკვეთების პორტფელი თითქმის გასამმაგდა.
ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, ტექნოლოგიური კომპანიები და ინფრასტრუქტურის მომწოდებლები ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებსაც ეძებენ. ამ საკითხზე აქცენტი მონაცემთა ცენტრებში ელექტროენერგიისა და წყლის დიდი მოხმარების გამო განსაკუთრებით გაიზარდა.
Reuters-ის ცნობით, Bank of America-ს შეფასებით, 2030 წლის ბოლოსთვის ხელოვნური ინტელექტის ერთი სერვერული თაროს (AI rack) ენერგომოხმარებამ შესაძლოა 1.5 მეგავატს გადააჭარბოს, რაც Nvidia-ს ტექნოლოგიური განვითარების გეგმის საფუძველზე, ტრადიციულ სერვერულ თაროსთან შედარებით თითქმის 100-ჯერ მეტი იქნება.
ამ პრობლემის გადასაწყვეტად ბაზარზე გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია, მყარფაზიანი ტრანსფორმატორი (solid-state transformer, SST), რომელიც ელექტროენერგიის გარდაქმნისა და გადანაწილებისთვის ტრადიციულ, მოცულობით მაგნიტურ კოჭებსა და სპილენძის გრაგნილების ნაცვლად ნახევარგამტარებს იყენებს.
UBS-ის შეფასებით, SST-ტექნოლოგიას ელექტროენერგიის გამოყენების ეფექტიანობის დაახლოებით 4%-ით გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება შეუძლია. თუმცა ის კომერციულად ჯერჯერობით ნაკლებად არის ათვისებული.
HD Hyundai Electric-მა და Jinpan-მა განაცხადეს, რომ SST-ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობენ. ტაივანურმა Delta Electronics-მა, რომელიც ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, კი განაცხადა, რომ მისი SST-ტექნოლოგიით უკვე სარგებლობს მცირე ზომის მონაცემთა ცენტრი.
Delta-ს ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტისთვის ენერგიის, გაგრილებისა და მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა კომპანიის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად რჩება. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი კომპანია წარმოებას ტაილანდში, აშშ-სა და ჩინეთში აფართოებს.
ენერგომოხმარების ზრდა გაგრილების ტექნოლოგიების განვითარებას აჩქარებს
მძლავრი AI-ჩიპების მიერ გამომუშავებული დიდი რაოდენობით სითბოს გამო, მონაცემთა ცენტრების ოპერატორებისთვის გაგრილება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.
Bank of America-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის ახალი AI-მონაცემთა ცენტრების დაახლოებით 70% თხევად გაგრილებას გამოიყენებს, მაშინ როდესაც დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. McKinsey-ის შეფასებით, თხევად გაგრილებას ენერგიის მოხმარების 27%-ზე მეტით შემცირება შეუძლია.
მონაცემთა ცენტრების ოპერატორები ალტერნატიულ მიდგომებსაც იკვლევენ, მათ შორის მცურავ და წყალქვეშა მონაცემთა ცენტრებს, ასევე სერვერების გამოქვაბულებსა და გვირაბებში განთავსებას.
თერმული მართვის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა დადებითად აისახება Delta Electronics-ზე, ასევე აზიურ კომპანიებზე Asia Vital Components-სა და Auras Technology-ზე, და ჩინურ Shenzhen Envicool Technology-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი Nvidia-ს ეკოსისტემის მიმწოდებელია.
მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, რისკი მაინც არსებობს
მიუხედავად შეკვეთების მკვეთრი ზრდისა, ამ კომპანიების აქციების ფასების ზრდა შენელდა, რადგან ინვესტორები მაღალ შეფასებებსა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.
Delta-ს აქციები მიმდინარე წელს 90%-ზე მეტით არის გაძვირებული, მაშინ როდესაც HD Hyundai Electric-ის აქციების ღირებულება, ძირითადად, უცვლელი დარჩა. კომპანიის აქციების ფასის ზრდა 2025 წლის 100%-ზე მეტით მატების შემდეგ მნიშვნელოვნად შენელდა.
ჩინური Jinpan-ისა და Envicool-ის აქციების ფასი კი, შესაბამისად, დაახლოებით 30%-ით და 20%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც 2025 წელს მათი ფასები 118%-ით და 244%-ით გაიზარდა.
„შემოსავლების ზრდის შემთხვევაშიც კი, ვფიქრობ, მთლიანი მარჟა დაახლოებით ამავე დონეზე დარჩება“, – განაცხადა Delta-ს თავმჯდომარემ პინ ჭენმა. მისივე თქმით, ბაზარზე ბევრი ცვლადი არსებობს, მათ შორის ახალი პროდუქტის პლატფორმები, პროექტების დაგვიანება და კომპონენტების დეფიციტი, რამაც შესაძლოა წლის მეორე ნახევარში პრობლემები გაამწვავოს.
Bank of America-ს შეფასებით კი, ინვესტორებმა ყველა პოტენციური რისკი უნდა გაითვალისწინონ: „ყველა ვერ მოიგებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ლიდერ კომპანიებზე, რომლებიც მომხმარებლების მოზიდვას რეალურად შეძლებენ“.














