Meta-მ WhatsApp-სა და Instagram-ში პერსონალური AI-ასისტენტი წარადგინა

Meta-მ WhatsApp-სა და Instagram-ში პერსონალური AI-ასისტენტი წარადგინა

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images

 

Meta-მ თავისი სოციალური ქსელებისთვის ახალი პერსონალური AI-ასისტენტი, სახელწოდებით Muse-ი წარადგინა. ახალი სერვისი WhatsApp-ში, Instagram-სა და Facebook-ში იქნება ხელმისაწვდომი და მისი დაკავშირება სხვა ციფრულ ინსტრუმენტებთანაც, მათ შორის ელფოსტასა და სმარტმოწყობილობებთან იქნება შესაძლებელი.

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის პროგნოზით, მსგავსი AI-აგენტები, რომელთაც მომხმარებლის ნაცვლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლიათ, კომპანიის AI-სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. Meta იმედოვნებს, რომ მისი მთავარი უპირატესობა — მილიარდობით მომხმარებლისა და მათ მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — კომპანიას OpenAI-სა და Anthropic-თან AI-ის სფეროში კონკურენციაში დაეხმარება.

Instagram-სა და Facebook-ში Muse-ს მომხმარებლის პირად შეტყობინებებზე ექნება წვდომა, ხოლო WhatsApp-ში მომხმარებლებს ასისტენტთან პირდაპირი კომუნიკაცია შეეძლებათ. თუმცა  დაშიფრული ჩატის გამო AI მხოლოდ იმ ინფორმაციაზე მიიღებს წვდომას, რომელსაც მომხმარებელი მას თავად გაუზიარებს.

მაგალითად, თუ მომხმარებელმა Instagram-ზე რეცეპტი შეინახა, Muse-ს შეუძლია მის საფუძველზე საყიდლების სია ან სადილის მენიუ შექმნას. მომხმარებელს შენახული ინფორმაციის წაშლაც შეეძლება.

დამატებით, Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტში Stripe-ის გადახდის სისტემაცაა ინტეგრირებული. ეს უკანასკნელი AI-ის მომხმარებლებს გარკვეული ნივთებისა და სერვისების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

Muse-ი თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი. კომპანია მათ პერსონალურ AI-ასისტენტის სტანდარტულ ვერსიას უფასო ფუნქციად შესთავაზებს, ხოლო უფრო მაღალი ლიმიტის მქონე პაკეტების ღირებულება თვეში $20 და $100 იქნება.

ახალი პროდუქტის წარდგენის ფონზე კი, ცუკერბერგი ინვესტორების მხრიდან AI-ში განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიციების გამო ზეწოლას განიცდის. Meta-ს განცხადებით, მიმდინარე წელს კაპიტალურ ინვესტიციებზე შესაძლოა $145 მილიარდი დაიხარჯოს, რომლის დიდი ნაწილი AI-ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.