აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ENKA-ს $400 მილიონზე მეტის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ENKA-ს $400 მილიონზე მეტის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

ფოტო: publika.ge

 

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ თურქული ENKA-ს სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. 11 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ საქართველოს მოთხოვნა საქმის შეჩერების შესახებ არ გაითვალისწინა და ENKA Renewables-ის სარჩელი დააკმაყოფილა.

დავა ENKA-სა და საქართველოს შორის „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებულ Build, Own and Operate (BOO) შეთანხმებას უკავშირდება. 2024 წლის ნოემბერში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ საქართველომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და ENKA-სთვის დაახლოებით $350 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რასაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული SOFR+4%-იანი პროცენტი ემატება. შესაბამისად, ჯამურად კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხა უკვე აღემატება $400 მილიონს.

საქართველოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება საფრანგეთის სასამართლოში აქვს მოთხოვნილი და პარიზში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე აშშ-ში საქმის შეჩერებასაც ითხოვდა. თუმცა, აშშ-ის სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ვადა გაურკვეველი იყო და საქმის განუსაზღვრელი ვადით შეჩერება აღსრულების პროცესის მიზნებთან შეუსაბამო იქნებოდა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქართველოს არგუმენტები საარბიტრაჟო პროცესში პროცედურული დარღვევებისა და აშშ-ის საჯარო პოლიტიკასთან წინააღმდეგობის შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციას აღსრულების ეტაპზეც SOFR+4%-იანი პროცენტი დაერიცხება. „ENKA-მ 2026 წლის 18 სექტემბრამდე სასამართლოს უნდა წარუდგინოს საბოლოო განჩინების პროექტი, რომელშიც ასახული იქნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა და მასზე აღნიშნულ თარიღამდე დარიცხული პროცენტი,“ – ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ პროექტი ENKA Renewables-ის მიერ საქართველოში 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობას ითვალისწინებდა. თუცა, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, საქართველომ შეთანხმება შეწყვიტა. ENKA Renewables-მა პროექტის შეწყვეტის გამო საქართველოს წინააღმდეგ არბიტრაჟს 2021 წელს მიმართა.