მაიკლ დელის ქონება $10 მილიარდზე მეტით გაიზარდა – Dell-ის დამფუძნებლი რეიტინგში ლარი პეიჯს მიუახლოვდა

მაიკლ დელის ქონება $10 მილიარდზე მეტით გაიზარდა – Dell-ის დამფუძნებლი რეიტინგში ლარი პეიჯს მიუახლოვდა

ფოტო: Matthew Busch/Bloomberg

Dell Technologies-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ დელის ქონება სამშაბათს, საფონდო ბაზარზე აქციების ფასის ზრდის ფონზე, რამდენიმე საათში $10 მილიარდზე მეტით გაიზარდა. შედეგად, მილიარდერი Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს მეოთხე უმდიდრეს ადამიანად დაწინაურდა და Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა.

Forbes-ის შეფასებით, დელის ქონება $280.7 მილიარდს შეადგენს. მისი ქონების ზრდა Dell Technologies-ის აქციების დაახლოებით 5%-იან გაძვირებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ დელი ასევე ფლობს ჩიპების მწარმოებელი Broadcom-ის მნიშვნელოვან წილს, რომელიც მან 2023 წელს Dell-ის პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესის VMware-ის Broadcom-ისთვის მიყიდვის შემდეგ მიიღო. სამშაბათს Broadcom-ის აქციები დაახლოებით 4.4%-ით გაიზარდა.

ორივე კომპანია S&P 500-ის შემადგენლობაშია. ინდექსმა სამშაბათს ახალი შიდადღიური რეკორდი დაამყარა და 7 830 პუნქტს გადააჭარბა.

დელის ქონება ამჟამად ლარი პეიჯის ქონებას მხოლოდ დაახლოებით $2 მილიარდით ჩამორჩება. Forbes პეიჯის ქონებას $282.5 მილიარდად აფასებს.

მაიკლ დელის ქონება 2026 წელს განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი Dell Technologies-ის აქციების ფასის მკვეთრი მატებაა, რასაც, თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის კომპანიების მხრიდან სერვერებზე მაღალი მოთხოვნა უწყობს ხელს. კომპანიის აქცია წლის დასაწყისიდან დაახლოებით 349%-ით არის გაძვირებული.

Forbes-ის შეფასებით, დელმა 2026 წელი დაახლოებით $191 მილიარდის ქონებით დაიწყო და წლის განმავლობაში სიმდიდრეს უკვე $95 მილიარდზე მეტი დაამატა. სექტემბერში მან მცირე ხნით ლარი პეიჯსაც გადაასწრო და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. თუმცა პეიჯმა და Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მასზე წინ მალევე გადაინაცვლეს. ამჟამად ბეზოსი Forbes-ის მილიარდერთა სიაში მეორე ადგილს ($373.1 მილიარდი) იკავებს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი