რეი დალიოს თქმით, AI-„ბუშტი“ შესაძლოა მალე გასკდეს

რეი დალიოს თქმით, AI-„ბუშტი“ შესაძლოა მალე გასკდეს

ფოტო: Getty Images

ჰეჯ-ფონდების მილიარდერი მმართველი, რეი დალიო აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის „ბუშტი“ შესაძლოა გასკდომის ეტაპს უახლოვდებოდეს. მისი შეფასებით, საპროცენტო განაკვეთების ზრდასა და AI-ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად ტექნოლოგიური კომპანიების მიერ აღებულ დიდ ვალებს ბაზარზე არსებული „კლასიკური ბუშტი“ კრიტიკულ ზღვრამდე მიჰყავს.

„ახლა ციკლის იმ ეტაპზე ვართ, რომელიც ამას წინ უსწრებს, თუმცა უკვე ვუახლოვდებით“, – განაცხადა დალიომ ოთხშაბათს სინგაპურში, Forbes Global CEO Conference-ზე, სადაც მას AI-ის ბაზრის შესაძლო ვარდნაზე ჰკითხეს.

დალიოს თქმით, AI-ინფრასტრუქტურაში კომპანიების მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ზრდასთან ერთად საპროცენტო განაკვეთების მატებამ შესაძლოა „ბუშტი“ კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანოს. მისი თქმით, რისკს ასევე ქმნის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქონების გადასახადი და მცდელობები, ე.წ. „ქაღალდზე არსებული მოგება“ რეალურ ფულად გარდაიქმნას. „ყველა ამბობს, რომ მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება აქვს, მაგრამ აბა, სცადეთ მისი დახარჯვა“, – განმარტა მან.

რეი დალიოს განცხადებები იმის ფონზე გაკეთდა, როდესაც გლობალური ობლიგაციების შემოსავლიანობა ბოლო ათწლეულების მაქსიმუმებს უახლოვდება. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ კი 2002 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც კომპანიებისთვის სესხის აღების ხარჯს ზრდის.

ამავდროულად, ტექნოლოგიური კომპანიების მიერ AI-ინფრასტრუქტურაზე გაწეული უზარმაზარი დანახარჯები ინვესტორებში სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ბაზრის მონაწილეების ნაწილი შიშობს, რომ AI-ისგან მიღებული შემოსავლები შესაძლოა ინდუსტრიის მასშტაბურ ინვესტიციებს ვერ გაუტოლდეს. თუმცა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ოპტიმიზმმა S&P 500-ისა და Nasdaq 100-ის ინდექსების ზრდას შეუწყო ხელი.

დალიო AI-ის შესაძლო „ბუშტის“ გასკდომაზე ადრეც საუბრობდა. ივნისში მან განაცხადა, რომ AI-ის ბაზარზე ამის ნიშნები შეინიშნებოდა და აღნიშნა, რომ „ყველა დიდი ტექნოლოგიური ცვლილება „ბუშტებს“ წარმოქმნის“. მისი თქმით, კომპანიები ბაზრის წილის მოსაპოვებლად ან ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ, ან არასაკმარისად ინვესტირებენ და კონკურენტუნარიანობას კარგავენ.

შეგახსენებთ, რეი დალიო Bridgewater Associates-ის დამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰეჯ-ფონდად მიიჩნევა. Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ამჟამად მისი ქონება $18.9 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს 145-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი