ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. ეს ფედერალური მთავრობის ფართომასშტაბიანი შემზღუდველი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგია და ბოლო კვირების განმავლობაში ვიზების გაუქმების ტემპის დაჩქარებაზე მიანიშნებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჯერ კიდევ 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ განახლებულ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. როგორც ჩანს, გაუქმებული ვიზების რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.
ტრამპი ამბობს, რომ მისი საიმიგრაციო პოლიტიკისა და დეპორტაციის კამპანიის მიზანი შიდა უსაფრთხოების გაძლიერებაა. უფლებადამცველების ნაწილი აცხადებს, რომ რეპრესიებმა სათანადო სასამართლო პროცესი და სიტყვის თავისუფლების უფლებები დაარღვია და სახიფათო გარემო შექმნა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ისტორიაში ნებისმიერ ადმინისტრაციაზე უფრო სწრაფი ტემპით გააუქმა ვიზების დიდი რაოდენობა“. პიგოტმა დასძინა, რომ ადმინისტრაციას „ნულოვანი ტოლერანტობა აქვს აქ მყოფი ვიზის მქონე უცხოელების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს, სჩადიან თაღლითობას ან ძირს უთხრიან ეროვნულ უსაფრთხოებას“.
საიმიგრაციო ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზებს იმ ადამიანებს უუქმებს, რომლებიც ღაზაში მომხდარ პროცესებს აკრიტიკებდნენ ან პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკას უარყოფითად ახასიათებდნენ.
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელებში იმიგრანტებისა და ვიზის განმცხადებლების შემოწმების პროცედურა გაამკაცრა და ვიზის მიღების მსურველები სიღრმისეულ შემოწმებას ექვემდებარებიან.









