მალტის დედაქალაქში შეხვდებით წითელ ავტობუსებს, იქ მცხოვრები ადამიანებიც თავისუფლად საუბრობენ ინგლისურ ენაზე, თუმცა ვალეტის ლონდონთან მსგავსება მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ქალაქი, სადაც მზე მთელი წლის განმავლობაში თანაბრად ანათებს და ცოცხალი სახელოვნებო და ღამის ცხოვრება ჩქეფს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად შეგვიძლია მოვიაზროთ.
ბევრი თვალსაზრისით, მალტა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მინივერსიაა. აქ არის სანაპიროები და ლაგუნები ცურვის მოყვარულთათვის, კლდეები და სეირნობისთვის იდეალური გორაკები, სადაც უამრავი მცენარე ხარობს. მალტას დიდი ისტორია აქვს. აქ ნახავთ ბრძოლის ველების შემორჩენილ ნანგრევებს, რენესანსის ეპოქის კლასიკურ ნიმუშებს და ცხოვრების მიმართ მარტივ და უშუალო დამოკიდებულებას. ლანდშაფტების უმეტესობამ შესაძლოა სტამბული, ვენეცია ან საბერძნეთიც კი მოგაგონოთ. მალტაში ხშირად იღებენ ფილმებს, ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე ადგილი გეცნოთ. კარგი ამინდის მოყვარულთათვის მალტა იდეალური ადგილია. აქ წელიწადში 300 დღე მზიანი ამინდია გარანტირებულია. ნოემბრისა და მარტის თვეშიც შესაძლებელია მაისურის ამარა სიარული. ამიტომ ისინი, ვისაც ზამთრის სიცივისგან თავის დაღწევა და მზიანი არდადეგების გატარება სურს, სწორედ მალტაში ჩამოდიან. თავად დედაქალაქი ვალეტა ნელ-ნელა ტრანსფორმირდება ახალგაზრდებისთვის უფრო და უფრო საინტერესო ქალაქად, და მთელი წლის განმავლობაში გართობაზე ორიენტირებულ ადამიანებს მასპინძლობს.
დაახლოებით ათი წლის წინ ვალეტა მუზეუმივით ქალაქი იყო, სადაც შეხვდებოდით მიტოვებულ ქვის ნაგებობებს, ბაროკოს სტილის ქანდაკებებს, ტაძრებსა და მიხვეულ-მოხვეულ ძველ ქუჩებს, რომლებზეც დღის განმავლობაში უამრავი მოხეტიალე იყრიდა თავს და რომლებიცღამით ცარიელდებოდა. მაგრამ სულ მალე მალტაში მუსიკალური ფესტივალების ახალი ტალღა აგორდა. მაგალითად, ყოველწლიური უფასო MTV-ის ფესტივალი, რომელიც ისეთ ცნობილ შემსრულებლებს მასპინძლობს, როგორიც არის, მაგალითად, ჩარტების სათავეში მდგომი ანი მაკი. ფესტივალის ფარგლებში კუნძულზე იმართება წვეულებები აუზებზე, იახტებსა და სასახლეებში. მალტაზე ყოველ სექტემბერს ასევე იმართება პარადები ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის.
წმინდა იულიანეს სახელობის ქალაქი იქცა ცათამბჯენების, ძვირად ღირებული ბარებისა და კლუბების ქალაქად. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობამ ვალეტაში გადაინაცვლა, რათა გაეხსნათ კაფეები, კოქტეილის ბარები და ინოვაციური ადგილობრივი სამზარეულოს რესტორნები საინტერესო მენიუებით. ვალეტაში მომრავლდა 1920-იანი წლების ნივთების ვინტაჟური მაღაზიები, ასევე პატარა ბუტიკები და სასტუმროები, რომლებიც ძირითადად მე-17 საუკუნის საცხოვრებელი სახლების დიზაინის შთაგონებით არის მოწყობილი.
სად წავიდეთ ვალეტაში პარასკევ საღამოს?
ვალეტაში ჩამოსვლისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ (სასტუმროს მისამართები იხ. ქვემოთ) გირჩევდით, ფეხით მიხვიდეთ ქალაქის ჭიშკრამდე, რომელიც ლონდონში არსებული ცნობილი ცათამბჯენის (London Shard)-ის არქიტექტორის, რენცო პიანოს მიერ არის რეკონსტრუირებული. ჭიშკარმა განსაკუთრებული ხიბლი და ხასიათი შესძინა ვალეტას. ქვის უზარმაზარ სვეტებს მზის ჩასვლის დროს ოქროსფერი ედებათ. მის გვერდით ახალი პარლამენტის შენობა დგას. შენობები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და შესაძლებელია ერთიდან მეორეში გადასვლა. ამის შემდეგ კარგი იქნება, თუ ღვინის ბარ Legligin-ისკენ გაუყვებით გზას. ბარის სახელი მალტურიდან ითარგმნება, როგორც „ჩაიტკბარუნე პირი სასმელით”. აქ არის როგორც ადგილობრივი ღვინო, ისე ღვინოს მისაყოლებელი ესპანური კერძები.
სად წავიდეთ ვალეტაში შაბათ დღეს?
დილა დაიწყეთ Lot Sixty One Coffee Roasters-ით, სადაც ქაფიან ესპრესოს მოგართმევენ. შემდეგ შეიხედეთ წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარში (St John’s Co-Cathedral) და ნახეთ, თუ რაოდენ მდიდრები იყვნენ იოანეს რაინდები. სწორედ მათი მთავარი ბაზა იყო მალტის კუნძული. ტაძარი ბაროკოს სტილშია აშენებული. იატაკი, რომელზეც ანგელოზები და ადამიანის ჩონჩხებია გამოსახული, ფერადი მარმარილოთია ნაშენები. კედლებზე და თაღებში ჩახატულია დახვეული ორნამენტები და პალმის რტოები. ტაძრის ჭერი სამკუთხედი ფორმისაა და მასზე სხვადასხვა სიუჟეტია გამოსახული. საკურთხეველში ინახება კარავაჯოს ორი ნახატი. რენესანსის ეპოქის შედევრი, „იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთა” – კარავაჯოს ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. ის ერთადერთია, რომელსაც მისი ხელმოწერა ამშვენებს.
ლანჩისთვის კარგია ისტორიული Harbour Club, რომელიც 1712 წელს აშენებულ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული. ინტერიერის ნაწილი გემბანის ნაწილებით არის შექმნილი, ხოლო მენიუში ისეთ კერძებს შეხვდებით, როგორიცაა სატაცურის მილეფოლიე, იხვის გულმკერდი და ბეგქონდარას სოუსი.
სუფთა ჰაერითა და კარგი ხედებით დასატკბობად მიაშურეთ ბარაკას ბაღებს, რომელიც „ოქროს” ნავსადგურს გადაჰყურებს. ერთ დროს ეს ბაღები რაინდების კუთვნილი მიწის ნაკვეთები იყო. აქ ნახავთ თაღებიან ტერასებს და ტროპიკულ მცენარეებს. სწორედ ამ მე-17 საუკუნის ნაგებობაშია გადაღებული „სამეფო კარის თამაშების” რამდენიმე ეპიზოდი.
შენობის თანამედროვე ლიფტი ნავსადგურში ჩაგიყვანთ.
მზარეული ჯონათან ბრინკეტი ერთ-ერთია, ვინც მალტაში არსებულ პროდუქტებს ახლებურად იყენებს. მისი ახლადგახსნილი რესტორანი Noni, განთავსებულია ძველი საცხობის შენობაში, რომლის აბრაც დღემდეა შემორჩენილი. მენიუში ისეთ კერძებს შეხვდებით, როგორიცაა კუსკუსი, რვაფეხას ტაჟინი, შებოლილ მუხაზე დამზადებული ღორის კატლეტი, მარილში გამომცხვარი ჭარხალი და წებოვანი პუდინგი.
დღის საინტერესო დასასრული იქნება Café Society, რომელიც წმინდა იოანეს ქუჩაზე, უძველეს კიბეებზეა განთავსებული. კაფეს მფლობელია ტომას კამილერი. კამილერი ერთ დროს ელექტრონული სვინგის საღამოებს მართავდა, დღეს კი საადვოკატო საქმიანობით არის დაკავებული. კაფეში დიდი ეკრანია, სადაც ხშირად გადის მუნჯი კინოს კომედიის შედევრები. ვერანდაზე შეგიძლიათ ბალიშებზე მოკალათდეთ და შეუკვეთოთ „Basil Fowlty” (რეჰანი, ჯინი, შაქრის სიროფი) ან Old Fashioned (ვისკი, ციტრუსი) და მოუსმინოთ ფანკის ან ბლუზის პლეილისტს.
სად გავერთოთ კვირას ვალეტაში?
„დგაჯსა” ტრადიციული მალტური ნავია, რომელიც აქ ფინიკიელთა დროიდან გვხვდება. ნავები ხშირად სხვადასხვაფრადაა მოხატული და ისინი ძირითადად დიდი ნავსადგურისა და შუა საუკუნეების სამი ქალაქის, ბირგუს, სენგლიას და კოსპიკუას მიმართულებით დაცურავენ. ამ ქალაქებში სეირნობის საუკეთესო საშუალება ღია მსუბუქი მანქანებია დამონტაჟებული ჯი-პი-ესით, რაც მარტივად გადაადგილებაში დაგეხმარებათ. მანქანით შეგიძლია მიაკითხოთ მარიტიმისა და ომისდროინდელი მალტის მუზეუმებს; ასევე ინკვიზიტორთა სასახლეს.
ვალეტაში რომ დაბრუნდებით, აუცილებლად ნახეთ ვიქტორიანული ბაზარი, Is-Suq Tal-Belt-ი. ბაზარი წელს თავიდან გაიხსნა. მთლიანი ტერიტორია რკინით ნაშენები კონსტრუქციაა, რომელიც მოიცავს საკვების დახლებს, კაფეებსა და რესტორნებს. აქაურობა საუკეთესო ადგილია კუნძულზე არსებული მრავალფეროვანი სამზარეულოს დასაგემოვნებლად.
შუადღისთვის კარგი იქნება, თუ ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნებთ და მანოელის თეატრს მოინახულებთ Theatre Manoel. თეატრი ერთ-ერთი უძველესია ევროპის მასშტაბით და ბაროკოს არქიტექტურის შედევრად მიიჩნევა. 2018 წელს თეატრი „ევროპის კულტურის ქალაქების” მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შოუსა და პერფორმანსს მასპინძლობდა. იხეტიალეთ სტრეს ქუჩაზე, რომელიც სავსეა კაფეებით და კოქტეილ-ბარებით. საღამოს გეზი აიღეთ ქუჩისკენ, რომელიც ლონდონის Bond Street-ის ვალეტური ვერსიაა და რომელზეც ღვინის ბარი, Cru არის განთავსებული. მისი სიცილიელი სომელიე, პაოლო ბელუარსო, ჭიქა ღვინით გაგიმასპინძლდებათ და საინტერესო ისტორიებსაც მოგიყვებათ.
შემდეგი გაჩერება ბისტროს სტილის Trabuxu-ა, მოხატული კედლებით და ძველმანი ნივთებით. აქ შეგიძლიათ თევზის ტარტარის ნაირსახეობები მიირთვათ. ამ რესტორნის ატმოსფერო იდეალური იქნება მალტაში გატარებული კვირის დასასრულისთვის.
სად დავბინავდეთ ვალეტაში?
მალტაზე და, განსაკუთრებით, ვალეტაში, საინტერესო სასტუმროებისა და ბინების ბუმია. ბევრი მათგანი მე-17 საუკუნის პალაცოს ნაგებობებშია განთავსებული, რაც ქალაქს განსაკუთრებულობას მატებს. უამრავი ფერადი აივანი გემის კაიუტებს მოგაგონებთ, ხოლო დიდი ალაყაფის კარები კირქვის ორსართულიან ეზოებში შეგიძღვებათ.
ამ პატარა სასტუმროში ნახავთ როგორც მარმარილოს, ისე პარკეტის იატაკს და ხის მაღალ ჭერს. სასტუმროს აივნიდან კარგად ჩანს წმინდა პავლეს ქუჩა და ნავსადგური. თვალს მოჰკრავთ შემალულ აივნებსაც. სასტუმროს ეზოში, რომელიც კირქვითაა მოკირწყლული, განსაკუთრებით გესიამოვნებათ რაიმე ცივი სასმელისა და მალტური პურის მირთმევა კვერცხის ფრიტატასთან ერთად. ასევე, სახურავზე აღმოაჩენთ აუზს და სამივე ანტიკური ქალაქის ულამაზეს ხედს.
ეს არის მე-16 საუკუნის პალაცო, სადაც გათბობა მარმარილოს იატაკის ქვეშ არის გაკეთებული. ის რესპუბლიკის ქუჩაზე, თეატრის გვერდით მდებარეობს. სასტუმროს გამოარჩევს ბაროკოს არქიტექტურის ელეგანტურობა, ოთახების განსაკუთრებული დიზაინი, მოხატული ჭერი და ცისტერნები, ანტიკვარული ავეჯი და ნაქარგი თეთრეული. სასტუმროს აუზი და რესტორანი წელს, ოდნავ მოგვიანებით გაიხსნება.
სტრეს ქუჩის და მანოელის თეატრის მახლობლად მდებარე ეს თანამედროვე სასტუმრო გთავაზობთ ღია ცისფერი პანელებით გაწყობილ ინტერიერს, საინტერესო განათების სისტემას, ორიგინალურ ნამუშევრებსა და ნატურალურ ქსოვილებს. ასევე, საკუთარ პიცერიასა და ტრატორიას.