საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და “ყაზმუნაიგაზს” შორის “ყასტრანგაზ-თბილისში” წილის გასხვისების შესახებ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, – ამის შესახებ “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო პერიოდში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, „ყაზმუნაიგაზთან“ „ყასტრანგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის გამოსყიდვის შესახებ.
“გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ”, – აცხადებენ კომპანიაში.
ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარია. “ყაზტრანსგაზი” თბილისში 2005 წელს გამოჩნდა და 2009 წელს პირველად გამოთქვა კომპანიის გაყიდვის სურვილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს წინაშე არსებულმა დავალიანებამ 48 მილიონ დოლარს მიაღწია.
კომპანიის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები 2009 წლიდან მიმდინარეობს.
ამჟამად “ყაზტრანსგაზ თბილისს“ სემეკის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს. გიგლა თამაზაშვილი კომპანიის მმართველის პოსტს 1 აპრილამდე იკავებს.