უახლოეს მომავალში, EBRD-ი რამდენიმე ათეული მილიონის ლარში დენომინირებულ ახალ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ინსტრუმენტის ფარგლებში, საქართველოს კომერციული ბანკების მეშვეობით დააკრედიტოს საექსპორტო პროდუქციის წარმოება. ამავე დროს, განავითაროს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი.
პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ლარში ნომინირებული ბონდები გამოუშვა EBRD იყო. EBRD-ის შემდეგ ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ, (IFC) აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა (BSTDB).
ამასთან, EBRD საქართველოს ბიზნესსექტორს ლარში ნომინირებულ შეღავათიან კრედიტებსაც სთავაზობს, ბანკს საერთო ჯამში 380 მილიონი ლარის კრედიტი აქვს გაცემული, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.