Ritz Paris–ის ისტორია

Ritz Paris–ის ისტორია

დიდი სასტუმროს პატარა ისტორია, რომელიც ამ თვეში თავიდან იხსნება – პრუსტითა და ჰემინგუეით დაწყებული, კოკო შანელითა და პრინცესა დაიანათი დამთავრებული.

“როცა სიკვდილის შემდგომი ცხოვრება მესიზმრება, – წერდა ერნესტ ჰემინგუეი, – მოქმედება სულ Ritz Paris-ში ხდება“. ამ თვეში, $220-მილიონიანი რემონტისა და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული სასტუმრო კვლავ გაიხსნება და ახალ თავსაც გადაფურცლავს თავის 118-წლიან ისტორიაში. მარსელ პრუსტმა და კოკო შანელმა Ritz-ს ოდესღაც „სახლი“ უწოდეს, სოფი ლორენი მას „ამქვეყნად ყველაზე რომანტიკულ სასტუმროდ“ მიიჩნევდა, ნაცისტებს კი რამდენიმე სართული ჰქონდათ დაკავებული, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზი დაიპყრეს. თუმცა ყველა როდი აფასებს იმ აუარაცხელ ფუფუნებას, Ritz-ი რომ გვთავაზობს. სასტუმროს გახსნიდან – 1898 წლიდან – მალევე, ოსკარ უაილდმა დაიწუწუნა, ლიფტები ზედმეტად ჩქარა მოძრაობს, ხოლო საძინებელში მოთავსებული სააბაზანო ჩემი სტილი არ არისო: „ვის რად უნდა უძრავი ნიჟარა ოთახში? – აიბზუა ცხვირი მწერალმა, – მე ნამდვილად არ მინდა. მოაცილეთ ეს რაღაცა. მირჩევნია, დავრეკო და ისე მოვითხოვო წყალი, როცა დამჭირდება”.

1898

გლეხების ოჯახში დაბადებული შვეიცარიელი ბიზნესმენი, სეზარ რიცი საკუთარი სახელის მატარებელ სასტუმროს 1 ივნისს, ვენდომის მოედანზე ხსნის და მდიდრულ წვეულებასაც აწყობს პარიზული საზოგადოებისთვის. მათ რიცხვშია მარსელ პრუსტი, რომელიც მოგვიანებით სასტუმროს მუდმივ ბინადრად გვევლინება. რიცი პარტნიორობას იწყებს განთქმულ ოგიუსტ ესკოფიესთან, რომელთან ერთადაც მანამდე ლონდონში, Savoy-ში აქვს ნამუშევარი. ეს უკანასკნელი სასტუმროს დამფუძნებელი შეფ- მზარეული ხდება. სასტუმროს უბადლო ფუფუნებისა და ელიტარული კლიენტურის წყალობით, რიცი „სასტუმროს მფლობელთა მეფისა და მეფეთა სასტუმროს მფლობლის“ სახელს იმკვიდრებს.

1934

დიზაინერი კოკო შანელი – რომლის ბუტიკი Rue Cambon-ის შემოსასვლელიდან, პირდაპირ ქუჩის გადაღმა მდებარეობს – Ritz-ის ნომერში იწყებს ცხოვრებას. მეორე მსოფლიო ომის დროს მოდის სახლს ხურავს, თუმცა სასტუმროში ცხოვრებას აგრძელებს თავის ახალგაზრდა საყვარელთან – ნაცისტ ჯაშუშთა ორგანიზაციის მეთაურთან, ბარონ ჰანს გიუნტერ ფონ დინკლაგესთან ერთად. 1971 წელს შანელი „რიცში“ კვდება. ამ დღიდან სასტუმროს ნომერს დიზაინერის პატივსაცემად მის სახელს არქმევენ.

1940–44

როცა 1940 წლის ივნისში გერმანელები პარიზის ოკუპაციას ახდენენ, Ritz-ი ნაცისტების შტაბ-ბინის ფუნქციას ასრულებს; სასტუმროს იმპერიულ ნომერში Luftwaffe-ს მთავარსარდალი, რაიხსმარშალი ჰერმან გერინგია განთავსებული. 1944 წელს, გერმანია უკან რომ იხევს, ერნესტ ჰემინგუეი, იმ დროს ომის კორესპონდენტი, ჯარისკაცთა ჯგუფთან ერთად Ritz-ში მიდის, სასტუმროს ბარს „ათავისუფლებს“ და ყველასათვის შამპანურს უკვეთს.

1957

ოდრი ჰეპბერნი და გარი კუპერი მონაწილეობას იღებენ რომანტიკულ კომედიაში, „სიყვარული ნაშუადღევს“, რომელიც Ritz-შია გადაღებული. სასტუმრო ჰეპბერნის ორ სხვა ფილმშიც ასრულებს პატარა საპატიო როლს: „მხიარული სახე“ (1957) და „როგორ მოვიპაროთ მილიონი“, პიტერ ო’ტულის მონაწილეობით (1966).

1979

1976 წელს სეზარ რიცის ვაჟის, ჩარლზის (რომელმაც მამა 1918 წელს ჩაანაცვლა) გარდაცვალების მერე სასტუმროს წაგებიანი პერიოდი უდგას. 1979 წელს ეგვიპტელი ბიზნესმენი, მოჰამედ ალ ფაიედი Ritz-ს, როგორც ცნობილია, $30 მილიონად ყიდულობს და კიდევ $250 მილიონს აბანდებს, რათა მომდევნო ათი წლის მანძილზე სასტუმროს ძველი დიდება დაუბრუნოს.

1997

30 აგვისტოს პრინცესა დაიანა თავის მეგობარ კაცთან, მოჰამედ ალ ფაიედის ვაჟ დოდისთან ერთად Ritz-ის იმპერიულ ნომერში სადილობს. რამდენიმე საათის შემდეგ პრინცესა და დოდი, მძღოლ ჰენრი პოლთან – სასტუმროს უსაფრთხოების აღმასრულებელ ხელმძღვანელთან – ერთად ალმას ხიდის გვირაბში, ავტოავარიაში იღუპებიან.

2012–16

$220-მილიონიანი რემონტის გამო მოჰამედ ალ ფაიედი სასტუმროს, რომელიც 2011-ში საფრანგეთის ტურიზმის სამინისტროს „სასახლეების“ სიას ჩამოშორდა, ოთხი წლით ხურავს. The Ritz Paris-ი ამ თვეში კვლავ ხსნის კარს; ოთახების ფასი ღამეში $1,500-დან დაიწყება, ხოლო იმპერიული ნომერი, რომელიც ეროვნულ ძეგლადაა რეგისტრირებული, $30,000-ზე მეტი დაჯდება. სასტუმრო გააერთიანებს Chanel Spa-ს, Escoffier-ს კულინარიულ სკოლას, Salon Proust-სა და, ცხადია, Bar Hemingway-ს. მოკლედ, ეს Ritz-ია – უკიდეგანოდ ფეშენებელური და ძვირფასი.