მიუხედავად იმისა, რომ წელს პანდემიის გამო ქვეყნების უმრავლესობაში არაერთი ლოქდაუნი იყო და არის გამოცხადებული, მილიარდერების ქონება საერთო ჯამში მაინც გაიზარდა. Forbes-ის სიაში შესული 2 200-ზე მეტი მილიარდერი ჯამურად $1.9 ტრილიონით გამდიდრდა. შედეგად მათი ქონება ახლა ჯამში $11.4 ტრილიონია, მაშინ როდესაც 2019 წლის 31 დეკემბერს $9.5 ტრილიონი იყო.
ამერიკაში კი 600-ზე მეტი მილიარდერის ქონება ჯამში $4 ტრილიონს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ისინი ჯამში $560 მილიარდით გამდიდრდნენ. თუმცა, მსოფლიოში 2020 წელი არავისთვის ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც ელონ მასკისთვის. მისი ქონება რეკორდულად გაიზარდა და $110 მილიარდს მიაღწია. ის მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანია ახლა. მისი ქონების ზრდა Tesla-ს აქციების 630%-იანმა ზრდამ განაპირობა.
მიმდინარე წელი ელონ მასკის შემდეგ ყველაზე მომგებიანი გამოდგა ჯეფ ბეზოსისთვის. მისი ქონება 2020 წელს $67.5 მილიარდით გაიზარდა და ახლა $182 მილიარდია, ეს ბუნებრივია Amazon-ის აქციების ზრდამ გამოიწვია, ვინაიდან ლოქდაუნების დროს ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ონლაინ ვაჭრობდა.
2020 წელი წარმატებული გამოდგა ჩინელი მილიარდერებისთვისაც. მათი საერთო ქონება $750 მილიარდით გაიზარდა, ახლა მათი ჯამური ქონება $2 ტრილიონს შეადგენს. თუმცა, ამ ნუსხაში არ შედის 67 ჰონგკონგელი მილიარდერი, რომელთა ქონება ამჟამად $380 მილიარდს შეადგენს.
ამერიკელებისა და ჩინელების შემდეგ, 2020 წელი ყველაზე წარმატებული იყო ფრანგი მილიარდერებისთვის. ამ ქვეყნის 40 სუპერმდიდარი ადამიანის ქონება $95 მილიარდით გაიზარდა და ახლა $500 მილიარდს შეადგენს. ნახევარზე მეტი აქედან ძვირფასი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების მფლობელ მილიარდერ ბერნარ არნოსა და ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსზე მოდის. არნოს კომპანია LVMH-ის აქციები 30%-ით გაიზარდა, რამაც არნო $35 მილიარდით გაამდიდრა. ბეტანკურის L’Oreal-ის აქციები კი 25%-ით გაიზარდა. შესაბამისად მისი მფლობელის ქონებას $14 მილიარდი შეემატა.
ამის საპირისპიროდ, ბრაზილიელი მილიარდერების ქონება შემცირდა. ისინი ახლა $13 მილიარდით უფრო „ღარიბები“ არიან, ვიდრე გასულ წელს. ეს ნაწილობრივ ბრაზილიის ეროვნული ვალუტის დასუსტებამ განაპირობა. იგივე შეიძლება ითქვას ტაილანდზე, სადაც 30 მილიარდერის ქონება ჯამურად $6 მილიარდით შემცირდა.