Coca-Cola აშშ-ში სრულად გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებს გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, კომპანიაში განაცხადეს. Coca-Cola-ში ამბობენ, რომ პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნით, ისინი 100%-ით გადამუშავებული ბოთლების გამოყენებას იწყებენ.
ცნობისთვის, ამ დრომდე გაზიანი სასმელების მწარმოებელი წამყვანი გლობალური კომპანია არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ ის დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენს აწარმოებს. ამის გამო Coca-Cola-მ რამდენიმე წლის წინ პირობა დადო, რომ ამ საკითხზე იმუშავებდა.
პირველ ეტაპზე, მიმდინარე თვეს, Coca-Cola რამდენიმე შტატში, მათ შორის ფლორიდასა და კალიფორნიაში უკვე ახალი ბოთლებით გაყიდის ნაწარმს.
“ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას, რათა გლობალური პლასტმასის კრიზისს შევებრძოლოთ“, – განაცხადა კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ჩრდილოეთ ამერიკის საოპერაციო განყოფილებაში, ალპა სუტარიამ.
შეგახსენებთ, Nestle-მ და PepsiCo-მაც განაცხადეს, რომ ნარჩენების შემცირების მიზნით, ისინიც გადადგამენ ნაბიჯებს შეფუთვის რედიზაინის მიმართულებით.