Google Maps-ი ახალ ფუნქციებს ამატებს. მომხმარებლებს ამერიკაში ამ აპლიკაციის საშუალებით უკვე პარკინგის საფასურის გადახდაც შეუძლიათ.
CNN-ის ცნობით, მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ Google Maps-ის საკუთარ ანგარიშებს Google Pay-ის საშუალებით და ტრანსპორტთან დაკავშირებული თანხები გადაიხადონ. ამით Google-ი მათ შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ დრო და ასევე თავიდან აირიდონ პარკინგის აპარატების ზედაპირზე ხელით შეხება.
ეს Google Maps-ის ბოლო ახალი ფუნქციაა. კომპანია მიზნად ისახავს, გახდეს უფრო მეტი, ვიდრე მიმართულებების მაჩვენებელი აპლიკაცია. რამდენიმე თვის წინ კომპანიამ, მაგალითად, დაამატა ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც მომხმრებლები სხვადასხვა ბიზნესს პირდაპირ აპლიკაციის დახმარებით უკავშირდებიან. სექტემბერში დამატებული ფუნქციით კი მომხმარებლებს შეუძლიათ გაიგონ, რამდენად გავრცელებულია კორონავირუსი იმ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებიან.
„ონლაინ იოგას გაკვეთილების დაჯავშნით დაწყებული, საყვარელ რესტორანში შეკვეთის გაკეთებით დასრულებული, Google Maps-ი ხდება ჩვენი თანამგზავრი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არაერთი ამოცანის შესრულებაში გვეხმარება“, – განაცხადეს კომპანიაში.
პარკინგის საფასურის გადახდის ფუნქცია Google maps-მა ორ კომპანიასთან პარტნიორობის საფუძველზე დაამატა, ესენია Passport-ი და ParkMobile-ი. სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით, Google Maps-ის მომხმარებელს პარკინგის გადახდის აპარატებზე წვდომა დისტანციურად ექნება.