ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის შემოწმებას ბავშვებში იწყებს. კვლევა, რომელშიც ექვსი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ჩაერთვებიან, კანადასა და აშშ-ში ჩატარდება. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, მასში მონაწილეობას სავარაუდოდ, 6,750 ჯანმრთელი პირი მიიღებს.
კოვიდ-ვაქცინის ბავშვებში შემოწმება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ორი წლიდან 12 წლამდე მონაწილეები მიიღებენ ორიდან (50 ან 100 მიკროგრამს) ერთ დოზას, ხოლო ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები სამიდან (25, 50 ან 100 მიკროგრამი) ერთ დოზას მიიღებენ. ტესტირების მეორე ეტაპზე კვლევაში მონაწილე პირების ნაწილი მიიღებს ვაქცინას, ნაწილი კი – პლაცებოს.
ბავშვებს, რომლებიც კვლევაში იღებენ მონაწილეობას, 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.
”ეს პედიატრული კვლევა დაგვეხმარება, ახალგაზრდა ასაკის ადამიანებზე Covid-19 ვაქცინის ზემოქმედება, მისი პოტენციური უსაფრთხოება და იმუნოგენურობა შევაფასოთ“, – განაცხადა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ბანცელმა.
ცნობისთვის, Moderna-ს ვაქცინა მეორეა, რომელიც ევროპის წამლის მარეგულირებელმა Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ დაამტკიცა. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 94.5%-ია. ევროკავშირის გარდა, Moderna-ს კოვიდ-ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ისრაელში.