ნიდერლანდებში კომპანიების გაკოტრების რიცხვი შემცირდა. მიმდინარე წლის თებერვალში გაკოტრების რიცხვი 28 ერთეულით ნაკლები იყო, ვიდრე იანვრის თვეში, ნათქვამია ნიდერლანდების სტატისტიკის სამსახურის (CBS) განცხადებაში. თებერვლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი აღმოჩნდა 1991 წლის იანვრის შემდეგ.
კომპანიების გაკოტრების რიცხვი (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩევა – მას გაკოტრების მაჩვენებლის ზრდისა და კლების სწრაფი ცვლილება ახასიათებს. გაკოტრების ყველაზე მაღალი რიცხვი – 816 – 2013 წლის თებერვალში იყო. ამის შემდეგ, 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. 2020 წლის შუა პერიოდამდე შედარებით სტაბილური ტენდენცია შენარჩუნდა. 2021 წლის თებერვალში გაკოტრების რიცხვმა (ყოველთვიურად) 1991 წლის იანვრის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
2021 წლის თებერვალში 107 ბიზნესი და ორგანიზაცია (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) გამოცხადდა გაკოტრებულად. ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 20 ერთეული, სავაჭრო სექტორზე მოდიოდა, თუმცა, იანვრის მონაცემებთან შედარებით, 13 ერთეულით ნაკლები იყო. ნიდერლანდების ბიზნესების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ვაჭრობის სექტორშია.
შედარებით მაღალი გაკოტრების რიცხვით, თებერვალში გაქირავებისა და სხვა ბიზნესსერვისების სექტორები გამოირჩეოდა, მათ შორის – დასაქმების სააგენტოები.