კორონავირუსის მესამე ტალღა ევროპას ურტყამს: ლოქდაუნები ხელახლა გამოცხადდა

კორონავირუსის მესამე ტალღა ევროპას ურტყამს: ლოქდაუნები ხელახლა გამოცხადდა

ერთ წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის გამო ლოქდაუნი გამოაცხადა, დღეს კი ევროპა იმავე პრობლემას განიცდის. პანდემიის მესამე ტალღა უკვე დაიწყო, რამაც ქვეყნებს შემზღუდველი ზომების გამოცხადება აიძულა. მათ შორის არის საფრანგეთი, პოლონეთი და უკრაინაც.

ერთთვიანი ლოქდაუნი პარიზსა და ქვეყნის 15 რეგიონში გასულ კვირას გამოცხადდა. საერთო ჯამში, ახალი შეზღუდვები საფრანგეთში მცხოვრებ 21 მილიონ ადამიანს ეხება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს გამოცხადებული ლოქდაუნები წინა ლოქდაუნებთან შედარებით ნაკლებად მკაცრია.

ლოქდაუნის გამოცხადებას ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა -გერმანია მთელი აპრილის მანძილზე გეგმავს. ქვეყანაში ამბობენ, რომ მესამე ტალღა უკვე დაწყებულია. გერმანიამ შეზღუდვების შემსუბუქება თებერვალში დაიწყო, როდესაც გახსნა სკოლები და მაღაზიები. ახლა კი ისევ მოუწევს, დაუბრუნდეს შეზღუდვებს.

ამის პარალელურად, ევროკავშირში ვაქცინაციის პროგრამა წინ ნელი ტემპით მიიწევს. ეს ერთი მხრივ ვაქცინის მიწოდების, მეორე მხრივ კი წარმოების შეფერხებით აიხსნება. მიმდინარე კვირას ევროკავშირის ლიდერები შეხვედრას აპირებენ, რა დროსაც იგეგმება იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება, რომ ევროპიდან ვაქცინის ექსპორტი შეზღუდონ.

ცნობისთვის, ევროკავშირში Pfizer-BioNTech-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები იწარმოება. თავდაპირველად საუბარია AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტის შეჩერებაზე, რომელიც ნიდერლანდების ქარხანაში იწარმოება. ამ აკრძალვამ შესაძლოა დიდი ბრიტანეთიც დააზარალოს, რომელიც ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. ამ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ევროპელ ლიდერებთან აპირებს საუბარს.