ინდოეთი AstraZeneca-ს მიერ წარმოებული კოვიდ-ვაქცინის ექსპორტს დროებით აჩერებს. ამის შესახებ BBC ქვეყნის საგარეო უწყების წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ისინი ამბობენ, ინდოეთში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევები მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდება, ამიტომაც ინდოეთში წარმოებული ვაქცინა ინდოეთშივე უნდა გამოიყენონ.
აღნიშნული გადაწყვეტილება, რასაც „დროებით შეზღუდვას“ უწოდებენ, სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, AstraZeneca-ს ვაქცინას ინდოეთის უმსხვილესი ვაქცინების მწარმოებელი სერუმის ინსტიტუტიც აწარმოებს. თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთიდან ვაქცინების დოზების მიწოდება შეუფერხდა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიას.
ამ დრომდე ინდოეთს 76 ქვეყნისთვის 60 მლნ ვაქცინა აქვს მიწოდებული, აქედან უმრავლესობა სწორედ AstraZeneca-ს ვაქცინაა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ოთხშაბათს კოვიდ-ინფიცირების დღიური შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. გამოვლინდა 47 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო 275 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს. 1 აპრილიდან 45 წელზე მეტი ასაკის მქონე პირების აცრაც დაიწყება. ამიტომაც ელოდებიან, რომ ვაქცინაზე შიდა მოთხოვნა გაიზრდება.
„ექსპორტის შეჩერება დროებითი ზომაა. შიდა მოთხოვნა პრიორიტეტულია“, – განუცხადა წყარომ BBC-ს.
ოფიციალური კომენტარი ინდოეთის მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია.