ღია ბანკინგი ახლახან იშვა, თუმცა მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია - TESOBE-ს აღმასრულებელი დირექტორი

ღია ბანკინგი ახლახან იშვა, თუმცა მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია - TESOBE-ს აღმასრულებელი დირექტორი

„ღია ბანკინგი, შეიძლება ითქვას, სულ ახლახან იშვა, თუმცა მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია“, – აღნიშნა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ღია ბანკინგის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, გერმანული კომპანია TESOBE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, საიმონ რედფერნმა.

მისი თქმით, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს 2.5 მილიონზე მეტი მოქალაქე და ბიზნესი ღია ბანკინგის აქტიური მომხმარებელია.

„ბრიტანეთში გაიზარდა კონკურენციაც და არჩევანიც – ფინანსურ სექტორში 300-ზე მეტი საბანკო თუ ფინტექ-კომპანიაა ჩართული, რომელთა მეშვეობითაც იქმნება მიმზიდველი ფინანსური ეკოსისტემები. მომხმარებლები ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იყენებენ მრავალფეროვან ფინტექ-აპლიკაციებს, რომ სწორად მართონ საკუთარი ფინანსები. მაგალითად: ანგარიშების ე.წ. აგრეგირებული სახით ნახვის შესაძლებლობა; პირადი ფინანსების მართვის აპლიკაციები, დანაზოგების მართვის აპლიკაციები და ა.შ. ევროპის ზოგიერთი წამყვანი ბანკი მარეგულირებლის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებსაც კი სცდება და იწყებს უფრო დახვეწილი API-პროდუქტების შეთავაზებას. ეს ინოვაციები ცვლიან ფინანსურ სერვისებს ევროპაში და ისეთივე გავლენას მოახდენენ საქართველოშიც“, – აღნიშნავს რედფერნი.

ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა საქართველომაც დაიწყო. ეროვნული ბანკის ინიციატივით, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებითაც კომერციულ ბანკებს ევალებათ, გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ მესამე მხარის პროვაიდერებისათვის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ღია ბანკინგის დანერგვის პროცესში.

საიმონ რედფერნი ამბობს, რომ ღია ბანკინგის დანერგვისას გამოწვევებს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ კულტურული ხასიათიც აქვს.

ტექნიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით, თუ მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზეა საუბარი, გარკვეული დრო სჭირდება ყველა მოთხოვნის გათვალისწინებას და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ OpenAPI-ის იმპორტით. გათვალისწინებული უნდა იყოს OAuth2-ი, OIDC-ი და FAPI/PKCE flows-ი და მათთან ასოცირებული eIDAS-სერტიფიკატები, თანხმობის გვერდები, ე.წ. მულტიფაქტორული  ავთენტიფიკაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად საკმაოდ კომპლექსური სამუშაოა.

გამოწვევაა უფრო ღია, შიდა ინოვაციური კულტურის დანერგვაც. ბანკებისა და მათი შიდა გუნდებისათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს თავიანთი დახურული სივრცის გახსნა და მესამე მხარეებთან ურთიერთობაში ჩართვა. „ფინკა ბანკში“, ამ მხრივ, მაღალია მზაობა. მათ კარგად ესმით, რომ ბანკებისათვის ეს სიახლე მნიშვნელოვანია და რომ ფინტექ-გარემოში ძალიან ბევრი ტექნიკური და ბიზნესშესაძლებლობებია. რაც უფრო იზრდება ჩართული მესამე მხარეების რაოდენობა, მით უფრო ძლიერდება ბანკი და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება ეძლევა.

დაბოლოს, კიდევ ერთი გამოწვევა ღია ბანკინგის ბიზნესმხარეა. ღია ბანკინგის ბიზნესსარგებელი ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია, გასაკუთრებით – ტექნიკური გუნდებისათვის, რომლებიც ჩვეულებრივ API-ს გამართვა-მუშაობაზე არიან პასუხისმგებელი. თუ IT და ბიზნესგუნდები შეთანხმებულად არ იმუშავებენ ახალი API პროდუქტების ბიზნესქეისების შექმნაზე, რთული იქნება ღია ბანკინგით სარგებლის მიღება“, – განაცხადა მან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *