ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტის 7 მნიშვნელოვან ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატებს წარადგენს. მათ შორის არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიაში – აღნიშნულ პოზიციაზე წარსადგენად ჯო ბაიდენმა კარენ დონფრიდი შეარჩია.
კარენ დონფრიდი გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტია 2014 წლის აპრილიდან, მანამდე ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და ევროპასთან ურთიერთობისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი იყო. აღნიშნულ პოზიციამდე კი ამავე საბჭოსთვის მუშაობდა, ეროვნული დაზვერვის ოფიცრის პოზიციაზე.
კარენ დონფრიდი სიღრმისეულად იცნობს ევროპის პოლიტიკას – ის ხშირად წერს გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე, ევროინტეგრაციასა და ტრანსატლანტიკურ კავშირებზე. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული მრავალი ჯილდოსა და მედლის გარდა, ის ფლობს დოქტორის ხარისხის ტაფტის უნივერსიტეტისგან, მაგისტრის ხარისხი მიუნხენის უნივერსიტეტში მიიღო. ამავდროულად იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპის კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარია.
2014 წელს, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში დონფრიდმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე, აღნიშნულ კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და ზოგადად, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „სანქციებს არ ექნება მყისიერი შედეგები, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი როლი დროთა განმავლობაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ და ევროპამ ეს სანქციები შეინარჩუნონ.“
დონფრიდი ასევე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ნატოს მნიშვნელობას ევროპაში რუსეთის შეკავების მიმართულებით. 2019 წლის დეკემბერში იგი აცხადებდა, რომ ნატოს შესაძლო დასუსტებით, მხოლოდ მოსკოვის პუტინი იქნება ბედნიერი. რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის 2 აპრილს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე დონფრიდმა, სენატორ რომნის კითხვაზე საპასუხოდ, აუდიტორიას საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ნატოს მნიშვნელობაზე: „საერთაშორისო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეფუძნება ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს – ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ნატო სრულად იზიარებს. შესაბამისად, ამ ღირებულებებისადმი ერთგულება თანაბრად მოეთხოვებათ, როგორც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს, ისე ასპირანტ ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინას, ბოსნია და ჰერცოგოვინას.“
ცნობისთვის, ამ დრომდე აღნიშნულ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად ფილიპ რიკერი იყო მოვლენილი. მან 2019 წელს საქართველოს კონფლიქტისპირა სოფლებიც მოინახულა.