10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წარმატებულად დაბრუნდა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნისთვის უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად შეძლო ევროობლიგაციის განთავსება. ინვესტორების მოთხოვნა 4-ჯერ აღემატებოდა ბონდის თანხას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი მხრიდან ქართული ეკონომიკისადმი ნდობას.
სახელმწიფოს მხრიდან ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე, ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან თანხის მოძიებას აპირებენ.
სახელმწიფო ევროობლიგაცია იქნება ამონაგების ორიენტირი სხვა ქართული არსებული და სამომავლო ფასიანი ქაღალდებისთვის. დაბალი ორიენტირი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვა ქართულ კომპანიებს უკეთეს ფასად განათავსონ ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზრებზე.
„ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფომ ასეთი უპრეცედენტოდ კარგი პირობებით მოახდინა ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ინვესტორთა პოზიტიური განწყობა გამოიხატა პირველ რიგში გაზრდილ მოთხოვნაში და დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია რეგიონში. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე ბონდების განთავსებაში,“ – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ევროობლიგაციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, ვადა 5 წელი, კუპონი 2.75%, ამ მნიშვნელოვან გარიგებაში საერთაშორისო ბანკებთან ერთად JP Morgan, Goldman Sachs, ICBC, ქართული საინვესტიციო ბანკებიც თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart მონაწილეობდნენ.