ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას 180-ზე მეტი მსხვილი საერთაშორისო კომპანია 2021 წლის პირველი კვარტალის შედეგების გამოქვეყნებას აპირებს. უნდა ველოდოთ ისეთი მეგატექნოლოგიური კომპანიების შედეგებს, როგორიცაა Facebook-ი, Amazon-ი, Apple-ი, Microsoft-ი და Google-ის დედა-კომპანია Alphabet-ი. როგორც ელოდებიან, ხუთივე მათგანს გასულ კვარტალში ზრდა დაუფიქსირდება. გარდა ამისა, დღესვე გამოქვეყნდება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დალისტულ კომპანიებს შორის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით რიგით მეექვსე უმსხვილესი კომპანია Tesla-ს შედეგებიც. მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ Twitter-ის, Pinterest-ის, Shopify-ის, eBay-ის და Qualcomm-ის შედეგების გამოქვეყნებაც.

რაც შეეხება სხვა კომპანიების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც პირველი კვარტალის შედეგებს მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებენ, შემდეგია: Boeing-ი, Domino’s Pizza-ი, McDonald’s-ი, Mastercard-ი, Starbucks-ი, Ford Motor-ი, AstraZeneca, Merck-ი, Gilead Sciences-ი, ExxonMobil-ი, Chevron-ი და სხვა.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ელოდებიან, რომ განაკვეთი კვლავ 0.0%-0.25%-ის ნიშნულზე დარჩება. გადაწყვეტილებას ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, ოთხშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განმარტავს.

ამერიკაში ასევე ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება ქვეყნის მშპ-ის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებისკენ, რომლებიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება. როგორც ელოდებიან, ამერიკის ეკონომიკა იანვარ-მარტის პერიოდში 6.5%-ით იქნება გაზრდილი.

მიმდინარე კვირასვე გამოაქვეყნებს მშპ-ის პირველი კვარტალის მონაცემებს გერმანია, ესპანეთი და სამხრეთი კორეაც. ახალი ზელანდია და ჰონკონგი კი სავაჭრო ბალანსს და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. ხოლო ევროკავშირსა და იაპონიაში უმუშევრობის განახლებული დონე გახდება ცნობილი.

დაბოლოს, რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ:

  • 26 აპრილი – საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2021 წლის I კვარტალი)
  • 29 აპრილი – ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის მარტი)
  • 29 აპრილი – მოსახლეობის რიცხოვნობა (2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
  • 29 აპრილი – მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა (2020 წელი)
  • 29 აპრილი – გარე მიგრაციის მაჩვენებლები (2020 წელი)
  • 29 აპრილი – მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
  • 29 აპრილი – ინფორმაცია დასრულებულ მშენებლობებზე (2021 წლის I კვარტალი)
  • 29 აპრილი – ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2021 წლის I კვარტალი)
  • 29 აპრილი – სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის მარტი)