პენტაგონსა და Google-ს შორის $2.5-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

პენტაგონსა და Google-ს შორის $2.5-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

პენტაგონის თავდაცვის დეპარტამენტი გუგლმა ქლაუდ-ტექნოლოგიითა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოებით უზრუნველყო. 2.5-მილიონდოლარიანი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება და თანამშრომლობა 2020 წლის მაისში დაიწყო და საბოლოო შედეგს ახლა მიაღწია. ინოვაციური ტექნოლოგიები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.

კერძოდ კი, გუგლის პროგრამა მონაცემთა გაერთიანების, დამუშავებისა და ანალიზის შედეგად პანდემიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოიმუშავებს. ამას გარდა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უახლესი ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ისეთი რესურსების, როგორიცაა სამხედრო პერსონალი და სამედიცინო აღჭურვილობა, ეფექტიან განაწილებას. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი MIT-ის ლინკოლნის ლაბორატორიასთან კოლაბორაციით დამზადდა. ამას გარდა, კონტრაქტის მიხედვით გუგლის ტექნოლოგიები ასევე გააანალიზებს ისეთ გეოსივრცულ ინფორმაციასაც, როგორიცაა სატელიტებიდან მიღებული გამოსახულებები.

გუგლის ყოფილი მონაცემთა ანალიტიკოსი ჯეიკ პოლსონი შიშობს, რომ გუგლიდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა СOVID-19-თან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარდა სხვა მიზნებისთვისაც იქნეს გამოყენებული. ამავდროულად, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგია არ გამოიყენება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ტერორიზმისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებულ სექტორს მოიცავს.