ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სკოლებს მოუწოდებს, შემოდგომის სემესტრიდან სწავლება საკლასო ოთახებში განაახლონ. სრულად ვაქცინირებული მოსწავლეები და მასწავლებლები კი აღარ იქნებიან ვალდებულნი, დახურულ სივრცეებში პირბადეები ატარონ.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შერბილებული პროტოკოლი 12 წელზე მეტი ასაკის პირების მასობრივ ვაქცინაციას უკავშირდება და კოვიდშეზღუდვების ზომებს ბაღებისთვისაც ამსუბუქებს.
„აუდიტორული სწავლება მოსწავლეების მოსწრებაზე დადებითად აისახება და ჩვენი მიზანია, რომ შემოდგომის სემესტრისათვის ეს ყველაფერი უსაფრთხოდ განვახორციელოთ“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.
გარდა ამისა, სააგენტოს მტკიცებით, სკოლებში მომხდარი არაერთი კოვიდაფეთქების მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი სკოლებში ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სწორედ ამიტომ, აუდიტორული სწავლების აღდგენა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ სააგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს ყველა სტუდენტისა თუ მომსახურე პერსონალის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ არც ერთი სტუდენტი არ იქნება ვალდებული, ეკეთოს პირბადე სპორტული აქტივობისას ან ღია სივრცეში ყოფნისას.
აღსანიშნავია, რომ სკოლების ადმინისტრაციას შეეძლება, პირბადეების საყოველთაო ტარების რეკომენდაცია გასცეს, თუკი სკოლაში ვირუსის გადადების მაჩვენებელი მაღალი იქნება, სტუდენტები ვაქცინაციისათვის ზედმეტად ახალგაზრდები არიან ან რთული იქნება ნიღბის ტარების კონტროლი. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სკოლებს რეკომენდაციას აძლევს, მოსწავლეები ერთმანეთისაგან ერთი მეტრის მოშორებით დასხან.