აშშ–ის ეკონომიკა თანდათან თავს აღწევს პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს, ამის ფონზე JPMorgan Chase-ი სიმდიდრეს იხვეჭს.
13 ივლისს ამერიკის უდიდესმა ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $11.9 მილიარდის მოგება ნახა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 155%–ით აღემატება.
JPMorgan–ის ზრდა, გარკვეული თვალსაზრისით, მათი მხრიდან $3 მილიარდი სარეზერვო ფონდის გამოყენებამ განაპირობა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის უდიდესი ბანკი ეკონომიკის აღდგენის ტემპების მიმართ დადებითი მოლოდინით არის განმსჭვალული.
JPMorgan–ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმი დაიმონის განცხადებით, სამომხმარებლო და კორპორაციული ბალანსები, ეკონომიკური პერსპექტივები გაუმჯობესების კვალდაკვალ, განსაკუთრებით გაძლიერდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მკვეთრად შემცირდა პრობლემური სესხების მოცულობა, რაც ისევ და ისევ ეკონომიკის გაჯანსაღების მანიშნებელია.
JPMorgan– ის ფინანსურმა ოფიცერმა ჯერემი ბარნუმმა განაცხადა:_,,ჩვენ გვამხნევებს პანდემიის დასამარცხებლად გადადგმული ნაბიჯები და მიმდინარე ეკონომიკური რეაბილიტაციის ტემპები, განსაკუთრებით – შეერთებულ შტატებში“. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კვლავაც რჩება გარკვეული კითხვები და ეჭვები, რაც, თავის მხრივ, ვირუსის მუტაციით არის განპირობებული. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი ინფლაციის ზრდაა.
ინფლაცია ნაწილობრივ სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდითაც არის გამოწვეული, მომხმარებლები პანდემიის შემდეგ ,,აგრესიულად“ ხარჯავენ. JPMorgan–ის განცხადებით, სადებეტო და საკრედიტო ბარათების ხარჯი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45%–ით გაიზარდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2019 წლის დონეს 22%–ით გადააჭარბა. ზრდა შეიმჩნევა ყველა სექტორში, მათ შორის მოგზაურობისა და გართობის სექტორში, სადაც ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის დონეს 13%–ით აღემატება.
ამასთან საინტერესოა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%–ით გაიზარდა სამომხმარებლო ანაბრების მოცულობა, ხოლო საინვესტიციო აქტივებმა 36%–ით გადააჭარბა წინა წლის მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალური საინვესტიციო საბანკო შემოსავლები 37%–ითაა გაზრდილი და $1.2 მილიარდს აღწევს. კაპიტალის ბაზრები კი ახლა იწყებს გამოცოცხლებას.