რუსეთში ტანისამოსის ყველაზე დიდ ონლაინმაღაზიას, Wildberries-სა და მის მფლობელს, რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალს, ტატიანა ბაკალჩუკს, უკრაინა სანქციებს უწესებს. სანქცია ტატიანა ბაკალჩუკის ქმარს, ვლადისლავსაც, დაეკისრება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ხელმოწერილი ბრძანებით მაღაზიას უკრაინის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოება მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეკრძალება. საინტერესოა, რომ სანქციების სიაში მაღაზიის დამფუძნებლისა და მისი მეუღლის გარდა, Wildberries-ის რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელიც მოხვდა.
სანქციების დაწესებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება უკრაინის საინფორმაციო სივრცის რუსული ექსპანსიისაგან გათავისუფლებას ემსახურება. მისი განმარტებით, რუსული ონლაინმაღაზია რუსულ პროპაგანდისტულ ნივთებს ყიდდა. გარდა ამისა, მაღაზიაში რუსული სამხედრო ფორმის შეძენაც შეიძლებოდა.
Wildberries-ი უკრაინაში სექტემბერში გაიხსნა და მას შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი თანდათან იზრდებოდა. მაღაზიაში ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურები და საბჭოთა სიმბოლიკის ნივთები იყიდებოდა, რაც უკრაინაში აკრძალულია.
უკრაინას კიდევ ბევრი რუსული კომპანიისათვის აქვს სანქციები დაწესებული ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. Ozon-ის, Litres-ის და Yandex-ის ფუნქციონირება უკრაინაში აკრძალულია.
2017 წელს უკრაინამ Mail.ru-ს კორპორაცია და ორი სოციალური ქსელი – Vkontakte და Odnoklassniki-ც აკრძალა.
რუსული ონლაინმაღაზიის დამფუძნებელმა კომპანია 2004 წელს დააარსა. Forbes Russia-ს მონაცემებით, ტატიანა ბაკალჩუკი ყველაზე მდიდარი რუსი ქალბატონი და ქვეყნის რიგით მე-13 ყველაზე მდიდარი ადამიანია.