NATO-ს გენმდივანს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

NATO-ს გენმდივანს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

ესპანელი დიპლომატი, ხავიერ კოლომინა, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადება NATO-ში ესპანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

ხავიერ კოლომინამ აღნიშნული თანამდებობის დაკავებით ჯეიმს აპატურაი შეცვლა, რომელიც ამ პოზიციაზე 2010 წლიდან იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში წვლილის შეტანისათვის ჯეიმს აპატურაი სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა.

გარდა აღნიშნული პოზიციისა, ესპანელი დიპლომატი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეც იქნება პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

Photo: España en la OTAN / Twitter

წარსულში ხავიერ კოლომინა NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე  გახლდათ. კოლომინა კარიერული დიპლომატია და მას საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე უმსახურია.

კოლომინას დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი დიპლომატიურ კორპუსს 2001 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციაში.

2002-დან 2006 წლამდე ხავიერ კოლომანა ესპანეთის მისიით პირველი მდივანი გახლდათ გაეროში. შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი იგი ესპანეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გახლდათ სირიაში. 2008 წლიდან 2011 წლამდე ხავიერი არგენტინაში ესპანეთის პოლიტიკური კონსულის თანამდებობას იკავებდა. იმავე თანამდებობას კი უკვე 2014 წლიდან 2017 წლამდე ესპანელი დიპლომატი იაპონიაში იკავებდა. უკვე 2017 წლიდან 2021 წლამდე, ოთხი წლის განმავლობაში, ის NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გახლდათ.