გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) ბრიტანულ Guardian-თან და BBC-ისთან ერთად აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს, რომლებიც “Pandora Papers”-ის სახელით ერთიანდებიან. დოკუმენტები ეხება მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებსა და ქონებებს. მასში 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერის და 300-ზე მეტი თანამდებობის პირის შესახებაა ინფორმაცია. სიაში მოხვდა ექს-პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც.
გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა, ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. მათ შორის ერთ-ერთის, Silverpot Holdings Ltd-ის ფუნქცია სხვადასხვა კომპანიების აქციების პაკეტის ფლობა იყო. Brighton Corporate Ltd-ის მიზნად კი ივანიშვილის საკუთრებაში არსებული თანაინვესტირების ფონდის კრედიტით ფინანსირება იყო მითითებული.
მასალების მიხედვით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი 2011 წელს დაინტერესებული იყო ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის – Finsek-ის საქმიანობით, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ფირმა ივანიშვილის შვილებისთვის ქონების მინდობით მართვის საქმიანობას ეწეოდა.
Pandora Papers-ში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც მონაკოში საიდუმლო აქტივები ეკუთვნის. ასევე მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში დიდძალი (700 მლნ ფუნტზე მეტი) უძრავი ქონების გარიგებებში ფიგურირებდნენ.
გაჟონილი მასალები ეხება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, მილიარდერ ანდრეი ბაბიშსაც, რომელსაც ოფიციალური ქონებრივი დეკლარაციიდან დამალული აქტივები აღმოაჩნდა.
მთავარი ფოტო: Justyna Mielnikiewicz/Bloomberg