გასულ კვირას ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მისივე კომპანია SpaceX-ი ფრენების დროს ინტერნეტის მისაღებად Starlink-თან ითანამშრომლებს. გარდა ამისა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ Starlink-ი სხვადასხვა ქვეყნის ავიახაზებთანაც თანამშრომლობს საკუთარ ბორტზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ Stalink-ი – ეს გახლავთ უმსხვილესი მასშტაბის მქონე პროექტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით სატელიტის მიერ ქსელური დაფარვის პირობებში სწრაფი ინტერნეტის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ამ მიზნის განსახორციელებლად, მასკის SpaceX-მა დღემდე კოსმოსში 1 740 სატელიტი გაუშვა, რაც ქსელური დაფარვისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღევანდელი მონაცემებით კომპანიას 100 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც სწრაფი ინტერნეტმომსახურების მისაღებად თვეში 99 აშშ დოლარს იხდიან.
SpaceX-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონათან ჰოფელერმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია რამდენიმე ავიახაზთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შიდა საბორტო ვაი-ფაი ქსელთან დაკავშირებით. ილონ მასკმა კი რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ კომპანიას შესაბამისი ტექნიკა ინიციატივის უზრუნველსაყოფად უკვე მზად აქვს.
საინტერესოა, რომ ამჟამად ავიახაზებს აღნიშნული მომსახურების მისაღებად სატელიტური დაფარვის კომპანიებთან აქვთ ხელშეკრულებები დადებული. Viasat-ი და Intelsat-ი შიდა საბორტო ვაი-ფაი ქსელურ დაფარვას ისეთ ავიაკომპანიებს სთავაზობს, როგორიც Delta, JetBlue, American Airlines-ი და United-ი არიან. თუმცა აღნიშნული კომპანიების მფლობელობაში არსებული სატელიტების ორბიტები დედამიწიდან შორს იმყოფებიან. Starlink-ის სატელიტების ორბიტები კი დედამიწასთან მნიშვნელოვნად უფრო ახლოსაა, რაც ინტერნეტის სიჩქარეს განაპირობებს.