ახლახან გამოსული ჩინური პროპაგანდისტული ფილმის, „The Battle at Lake Changjin“-ის გაყიდვებმა სალაროებში 769 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად მან დენიელ კრეიგის მონაწილეობით გადაღებულ „ჯეიმს ბონდის“ ბოლო ნაწილს, „No Time to Die“-ს გადაასწრო. ამ უკანასკნელმა სალაროებში საერთო ჯამში 452.6 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.
ჩინურმა ფილმმა ასევე უკან ჩამოიტოვა მიმდინარე წელს გამოსული კინოსურათები – „Fast & Furious 9“ და „Detective Chinatown 3“. პირველის გაყიდვები სალაროებში ამჟამად 716.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მეორესი კი – 686 მილიონ აშშ დოლარს. „The Battle at Lake Changjin“-ს ამ დროისთვის 2021 წელს გამოშვებული მხოლოდ ერთი ფილმი, „Hi, Mom“ უსწრებს. ამ ჩინურმა კომედიურმა დრამამ ბილეთების გაყიდვებით 841.7 მილიონი აშშ დოლარის მოგროვება შეძლო.
„The Battle at Lake Changjin“-ი კორეის ომის დროს ჩოსინის რეზერვუარისთვის ბრძოლას ასახავს. ფილმი ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაკვეთითაა გადაღებული და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ექსპერტების ვარაუდით, ის მალე აზიური ქვეყნის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათის სტატუსს მოიპოვებს.
ჩინური ფილმის წარმატება ადგილობრივი კინოინდუსტრიისთვის, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი დარტყმა მიიღო, უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისში აზიური ქვეყნის ხელისუფლებამ კინოთეატრებს კომუნისტური პარტიის პროპაგანდისკენ მოუწოდა, რაც ახალ თაობაში პარტიისა და სოციალიზმის მიმართ სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.