გაიცანით ჩინეთის ახალი უმდიდრესი ადამიანი

გაიცანით ჩინეთის ახალი უმდიდრესი ადამიანი

თუ Bloomberg Billionaires-ის ინდექსს დავუჯერებთ – ჩჟუნ შანშანმა, რომელიც ჩამოსასხმელი წყლის ბრენდი Nongfu Spring-ის დამაარსებელია, Alibaba-ს დამფუძნებელ ჯეკ მას ჩინეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში გადაასწრო. ამის შესახებ CNN წერს. 

ჰონგ-კონგში რეგისტრაციის შემდეგ ჩჟუნ შანშანი ჩინეთის მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა, თუმცა, გასულ კვირას Bloomberg-ის გამოთვლებით – მისი ქონების ღირებულებამ $58,7 მილიარდს გადააჭარბა, რის შედეგადაც მან გადაუსწრო ჯეკ მას. ჯეკ მას ქონება ბოლო მონაცემებით, $56,7 მილიარდია. 

ჩჟუნის ახლად შეძენილი სტატუსი მას Tencent-ის დამფუძნებელ პონი მაზე წინაც აყენებს. ჯეკ მასა და პონი მასაგან განსხვავებით, ჩჟუნი “ტექნოლოგიური მეწარმე“ არ გახლავთ. Nongfu Spring-ის გარდა, იგი მოწინავე ვაქცინის მწარმოებლის, Beijing Wantai Biological Pharmacy-ის ხელმძღვანელიცაა. ამ კომპანიის აქციები საჯაროდ წელს განთავსდა შანხაიში, შედეგად ჩჟუნის სიმდიდრე საკმაოდ გაიზარდა. 

“როგორც წესი, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი [ტექონოლოგიური სექტორიდან] უნდა ყოფილიყო,“ – ამბობს რუპერტ ჰუგევერფი, სიმდიდრის კვლევის კომპანია Hurun Report-ის თავმჯდომარე. 

ჩჟუნი, სხვა მოწინავე ბიზნესმენებისგან განსხვავებით, თავშეკავებულია, რის გამოც ზედმეტსახელი „ეული მგელიც“ კი შეარქვეს. 

“მას ბევრი მეწარმე მეგობარი არ ჰყავს, ის საკუთარ საქმიანობითაა დაკავებული“ – ამბობს ჰუგევერფი, რომელიც შანხაიდან ჩინურ მოვლენებს დიდი ხანია აკვირდება. 

ჩჟუნის მიღწევები ზემოხსენებულ წარმატებებამდეც შთამბეჭდავი იყო. 

“ჩჟუნ შანშანი იმ გამონაკლისთაგანია, რომლებმაც ჩინეთში არა ერთი, არამედ ორი, $10 მილიარდიანი ბიზნესი ააწყვეს,“ – აღნიშნა ჰუგევერფმა. 

ახალი მილიარდერები 

ჩჟუნის აღმასვლა ჩინეთში შექმნილ სიმდიდრეს უსვამს ხაზს. 

Hurun Report-ის სიას თუ დავეყრდნობით, წლის დასაწყისში, ჩინეთი უკვე გახლდათ მსოფლიოს მილიარდელთა უმრავლესობის თავშესაფარი, რითაც ერთად აღებულ ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს უსწრებდა. 

Bloomberg-ის გათვლებით, გასულ თვეში ჩჟუნის ქონება $20 მილიარდს უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან საკუთარი ქონება, სულ რაღაც კვირებში, სამჯერ გაზარდა.